ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ არაერთ მწვავე განცხადებას, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეხმაურება საგანგებო ბრიფინგით. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, საერთაშორისო პარტნიორები მალე დარწმუნდებიან, პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა “სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის”.
“დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს.
თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის. პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომელიც “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებენ, რომ დღევანდელი მშვიდობიანი აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო – ადგილზე მობილიზებული პოლიცია
