თურქეთში ქალაქის მოსახლეობა მოიწამლა ნარკოტიკის ბოლით, რომელიც პოლიციამ დაწვა. ამის შესახებ Tele 1 წერს.
18 აპრილს თურქმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 20 ტონა მარიხუანა დაწვეს. 10 მილიარდი თურქული ლირის ღირებულების ნარკოტიკი ქალაქი ლიჯეს ცენტრში დაწვეს. ამასთან, პოლიციამ მარიხუანით სავსე ტომრებით სიტყვა ლიჯე გამოსახა. სამართალდამცავთა დაუფიქრებელი საქციელის შემდეგ ჰაერი ტოქსიკური ბოლით გაივსო და ქალაქის მაცხოვრებლები მოწამლა. ლიჯეს მოსახლეობა 25 ათასი ადამიანია.
დაახლოებით 5 დღის განმავლობაში ადგილობრივებს ფანჯრების გახსნა არ შეეძლოთ და ცდილობდნენ ქუჩაში საერთოდ არ გასულიყვნენ, რადგან მოწამვლის ეშინოდათ. ინტოქსიკაციის სიმპტომები იყო – თავბრუსხვევა, გულისრევა და ჰალუცინაციები.
მოსახლეობის ნაწილი ჩიოდა, რომ ბოლმა მათი შვილები მოწამლა. „ნარკოტიკის სუნი უკვე რამდენიმე დღეა რაიონს არ ტოვებს. ჩვენ არ შეგვიძლია ფანჯრების გახსნა. ჩვენი ბავშვები ცუდად არიან და ჩვენ მუდმივად ექიმებში გვიწევს სიარული“, – განაცხადა ლიჯეში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხელისუფლების ნარკოტიკების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა მარიხუანის განადგურების მეთოდი ვერ იყო სწორი. ტომრებისგან ქალაქის სახელწოდების ფორმირებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. ისინი პოლიციას ურჩევენ, რომ მომავალში მარიხუანის გასანადგურებლად გამოიყენონ ქარხნები ფილტრებით, რათა მავნე ბოლი ხალხში არ გავრცელდეს.