LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსი, მილიონერი, ფილანტროპი: როგორ ცხოვრობს კახა კალაძე ფეხბურთის შემდეგ

218

რუსულმა „ევროსპორტმა“ დიდებულ ქართველ ფეხბურთელზე კახა კალაძეზე ვრცელი სტატია მოამზადა. მოდი, ჩვენც გადავავლოთ თვალი რას წერენ აწ უკვე პოლიტიკოს კალაძეზე ჩვენი რუსი კოლეგები.

შესაძლოა ის დსთ-ს ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია.

2012 წლის 12 მაისს 34 წლის კალაძემ კარიერა დაასრულა, ნახევარ წელიწადში კი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გახდა. კოალიცია “ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში პირველ ნომრად იყო. პარალელურად კახამ ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავა.

„თავიდან რთული იყო. სახლიდან დილით ადრე გავდიოდი და გამთენიისას ვბრუნდებოდი, რადგან მინდოდა ყველაფერში გავრკვეულიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთს ვთამაშობდი, ბიზნესი მქონდა, რომელიც დამოუკიდებლად ავაწყვე. ეს იყო ბანკი – პატარა, ძალიან სუფთა, წაგების გარეშე. ასე რომ, კარგი მენეჯერისთვის საჭირო თვისებები გამაჩნია. ხოლო 12-წლიანი კარიერის განმავლობაში იმდენი გამოვიმუშავე, რომ ვიცე-პრემიერის ხელფასზე უარი მეთქვა.“

მოგვიანებით გაირკვა, რომ მთელ ხელფასს (დაახლოებით 8.5 ათასი დოლარი) და პრემიებს მინისტრი ყოველთვიურად თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოს ურიცხავს.

დაქორწინდა

კახას და ანუკის (მოდური დიზაინერი) ორი შვილი ყავდათ, მაგრამ არ ქონიათ დრო ქორწილისთვის: კალაძის მეუღლე მოყვა, რომ კაბა და კოსტუმი კარადაში ორი თვე იდო. ცერემონიის შემდეგ (2013 წლის ივნისი) მათ მესამე შვილი შეეძინათ.

„ბავშვებს ანუკი ზრდის და არა ძიძები. თუმცა მეც ყოველთვის გამოვნახავ დროს შვილებთან ურთიერთობისთვის. უფროსი – ლევანი – მიჯერებს, თუმცა საკმაოდ რთული, ჯიუტი ხასიათი აქვს. მინდა, რომ ის ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ლევანი ბურთისადმი ინტერესს არ ამჟღავნებს. სამაგიეროდ, შუათანას – კახას ბურთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. უმცროსს – ვაჩეს რაიმეს ინტერესი ჯერ არ გამოუვლენია“, – მოყვა ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა.

გამართა გამოსამშვიდებელი მატჩი

2013 წლის 31 მაისს თბილისში ჩავიდნენ ბარეზი, მალდინი, შევჩენკო, ინძაგი, ბობანი, კანავარო, ტონი, კოუტუ, როსი, გროსო, შუკერი, მწვრთნელები კი იყვნენ ფატიჰ თერიმი დ ალექსანდრე ჩივაძე. 60-ათასიანი სტადიონი „დინამო“ 100%-ით გაივსო – მთელი შემოსავალი ქველმოქმედებაზე წავიდა. პირველ ტაიმში კალაძე „მილანში“ თამაშობდა, მეორეში – მეგობრების გუნდში. შედეგი – 3:1 „როსონერის“ სასარგებლოდ.

 დაკავდა ქველმოქმედებით

ჯერ კიდევ სათამაშო კარიერის განმავლობაში კალაძემ დააფუძნა Kala Foundation. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი მხარდასაჭერი აქცია იყო 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა დახმარება. თავდაპირველად ფონდი სამ მიზანს ასახელებდა (სპორტის განვითარება, განათლების ხელშეწყობა და ქვეყანაში სოციალური პროგრამების განხორციელება), მაგრამ ამჟამად Kala Foundation ფოკუსირებულია ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის წინსვლაზე.

სახსრები დამფუძნებლიდან შედის: კალაძე დღემდე ფლობს ბიზნესს უკრაინაში (სასტუმრო), ხოლო ორი წლის წინ იქ რესტორნების ქსელი გაყიდა.

ებრძოდა წყალდიდობას

2015 წლის ივნისში თბილისი საშინელი წყალდიდობისგან დაზარალდა: დაიღუპა 12 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 24, ფინანსურმა ზარალმა 23 მილიონი დოლარი შეადგინა. კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

იმავე ზაფხულს კალაძემ „დინამოს“ სტადიონის ინსპექტირება ითავა, რომელიც უეფას სუპერთასის მატჩისთვის ემზადებოდა.

„საქართველო უფრო ცნობადი ხდება. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ შეგვეძლო ამ დონის მატჩი ჩაგვეტარებინა. მთავრობამ დაახლოებით 8 მილიონი ევრო დახარჯა ამ თამაშისთვის ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად“, – ამბობდა კახა UEFA.com-თან ინტერვიუში.

1806660

დაიმკვიდრა სტილი

რუსულმა GQ-მ კალაძე ყველაზე სტილური უცხოელების რეიტინგში მეექვსე ადგილზე დააყენა – უფრო ქვემოთ ვიდრე ბექჰემი, მაგრამ დიკაპრიოზე, გვარდიოლაზე და ჯარედ ლეტოზე მაღლა.

დაუმატა საქართველოს გაზი

საქართველო გაზს აზერბაიჯანისგან ყიდულობდა, მაგრამ მერე კალაძემ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ყოველდღიურად 6 მილიონი კუბ/მეტრი გაზი არ ყოფნიდა – საჭიროა 11 მილიონი. ამის გამო კახამ საიდუმლო მოლაპარაკებები მოაწყო „გაზპრომთან“ და თან ირანისგან ყიდვაზეც დაფიქრდა (სომხეთის გავლით). აზერბაიჯანში მინისტრი მაშინვე გააკრიტიკეს – ტექსტის ნახვაც შეიძლება, სადაც მას მოღალატე უწოდეს. კალაძე მაინც მოელაპარაკა აზერბაიჯანის სახნავთობკომპანიას (SOCAR) წლიურად 500 მლნ კუბ/მეტრი მიწოდების გაზრდაზე. ახლა „როსონერის“ ყოფილი მცველი მეზობლებთან გაზზე ფასდაკლების საკითხს განიხილავს. ისინიც დათანხმდნენ ფასის დაგდებას, რათა მნიშვნელოვანი კლიენტი არ დაკარგონ. როგორც ჩანს, კალაძე-დიპლომატი ისეთივე წარმატებულია, როგორც კალაძე-ფეხბურთელი.

1806662

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები