რას სთავაზობენ პოლიტიკოსები ამომრჩევლებს და როგორია საზოგადოების დაკვეთა თვითმმართველობის არჩევნებისთვის – ამის შესახებ თვითმმართველობის მკვლევარმა, მაგდა პოპიაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.
მისი განცხადებით, პოლიტიკოსები ვერ აცნობიერებენ ადგილობრივი თვითმმართველობის როლს და აქედან გამომდინარე მისივე შეფასებით, ქვეყანა უფრო და უფრო სცილდება რეალურ თვითმმართველობას. ამის მიზეზად მკვლევარი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხვებისადმი მოუცლელობას ასახელებს.
„წლევანდელი არჩევნები, წინა წლების არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ თვითმმართველობა საერთოდ დაკარგულია პოლიტიკური პარტიებისთვის. სუბიექტებისთვის თვითმმართველობის არჩევნები არ განიხილება, როგორც რეალურად ადგილზე თვითმმართველობის რგოლების არჩევის საკითხი და ეს უფრო ზოგად ეროვნულ არჩევნებადად არის ქცეული არამხოლოდ ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც ამბობს რომ ეს არის რეფერენდუმი, არამედ ხელისუფლებისთვისაც, ისე არის წარმოჩეენილი, თითქოს ეს არის ერთგვარი წყალგამყოფი, როგორ გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში და შეიცვლება თუ არა ხელისუფლება ამ არჩევნების შემდეგ. ამ ფონზე, ბუნებრივია ადგილობრივი საკითხები და პრობლემები რეალურად არ ჩანს, არც მათ საარჩევნო პროგრამებში, არც მათ დაპირებებში, არც იმ შეხვედრებზე, რომლებსაც ისინი ატარებენ და ბუნებრივია ეს მით უფრო არ ჩანს მედიასივრცეში, სადაც კონკრეტულ საკითხებე კომენტარს აკეთებენ.
ბუნებრივია, რომ საარჩევნო ფონი დაძაბულია და ესეც უწყობს ხელს, მაგრამ პოლიტიკოსები უბრალოდ ვერ აცნობიერებენ რა როლი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას., როგორც ინსტიტუციას, როგორც დემოკრატიისთვის განსმსაზღვრელ რგოლს. ამიტომაც არის, რომ უფრო და უფრო ვცილდებით რეალურ თვითმმართველობას. ეს არის იმის მიზეზი, რომ ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრს არასდროს სცალია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.
პრობლემაა, რომ პლიტიკოსები არ ზრუნავენ, დაპირებები მიიტანონ საზოგადოებამდე. საკმაოდ დიდი გულისწყრომაა ხალხის მხრიდან მათ მიმართ. პოლიტიკოსები ხალხს ელაპარაკებიან მხოლოდ იმაზე, თუ როგორი ცუდია ესა თუ ის პარტია და მათ რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე არავინ ესაუბრება, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია“, – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.