LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ხვდებიან

141
Untitled design (3)

პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს ხვდებიან. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე, უსაფრთხოების საკითხებზე, პოლიტიკურ პატიმრებსა და საქართველოს მომავალზე ისაუბრებენ.

სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

„მე გუშინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დავბრუნდი, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში გახლდით. მინდა დავადასტურო ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული მზადყოფნა საქართველოს დემოკრატიის და უსაფრთხოების განვითარებაში. ეს იყო ის გზავნილი, რომელიც მე მოვისმინე. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ის გზავნილი, რომელიც დღეს სენატორებს შაჰინს და დურბინს ექნებათ.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდანაც სათქმელი არის პირველ რიგში ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ საქართველოს დადებული ვალდებულებების შესრულების ერთგულება, რაც არის უპირობო და რაც უნდა იყოს უპირობო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ხდება პარლამენტში და მე გამოვყოფდი იმ ანტიდასავლური კანონმდებლობის შემოტანას, რომელიც ,,ქართული ოცნების” დანაყოფმა შემოიტანა. ეს შეეხება ასევე, უსაფრთხოების საკითხებს, პოლიტიკურ პატიმრებს (ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნიკა გვარამიას პატიმრობა), რა თქმა უნდა, საქართველოს განვითარებას და მომავალს. დარწმუნებული ვარ სენატორებს ექნებათ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოსთვის”, – განაცხადა დეკანოიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ „სენატორების აქ ყოფნა ნიშნავს აშშ-ის მხარდაჭერას, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ“.

„ამ ვითარებაში საქართველოში სენატორის ვიზიტი არის მორიგი დადასტურება, რომ ამ ქვეყნის მეგობარი და პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ვითარებაში სენატორების აქ ყოფნა ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მხარდაჭერას, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, რომელთა ურყევი ნებაა და დიდი ხნის ისტორიული არჩევანია სვლა დასავლეთისკენ. რაც შეეხება გზავნილებს, ბუნებრივია ჩვენი გუნდის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელებაზე თხოვნა იქნება. მიუხედავად იმ სამარცხვინო გზავნილებისა, რომელიც განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გვესმის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელია აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელება და გაძლიერება საქართველოსთვის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

„მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ამერიკელ სენტორებს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საკუთარ ხედვას გაუზიარებს.

როგორც იოსელიანმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა, კანონპროექტი ქვეყნის ინტერესებში არ შედის და მისი პოზიცია თანხვედრაშია პარტნიორების მოსაზრებასთან, რომ მისი განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს შესაძლებლობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„სავარაუდოდ, სენატორებთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა, რა თქმა უნდა, იქნება „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ამ კანონპროექტზე ცალსახად გვითხრეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ მისი განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს შესაძლებლობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ნაბიჯი გადადგას ევროკავშირის მიმართულებით. ეს არის მათ შორის ჩემი აზრიც. ვეთანხმები ამ მოსაზრებას და შევეცდები, რომ ჩემი ხედვა ჩვენს პარტნიორებს აშშ-დან გავუზიარო“, – განაცხადა იოსელიანმა.

პოპულარულები