პოლონურმა კომპანიამ Clone Robotics შექმნა მსოფლიოში პირველი რობოტი-ჰუმანოიდი სინთეტიკური კუნთებით. რობოტი სახელად clone Alpha ხელოვნური კუნთებით და ჩონჩხის სისტემითაა აღჭურვილი და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის აგებულებას მთელი სიზუსტით იმეორებს. სიახლის შესახებ თავად კომპანიის საიტზე ვკითხულობთ.
პოლონელ მეცნიერებს სურდათ შეექმნათ ისეთი რობოტი, რომელიც თავისი აგებულებით, შიგნეულით თუ ვიზუალით ადამიანს კიდევ უფრო მეტად დაემსგავსებოდა.
რობოტს აქვს ინოვაციური სენსორული სისტემა და 400-ზე მეტი გადამცემი, რომელიც კუნთების ძალას აკონტროლებს.
Clone Robotics-ში იმის იმედიც აქვთ, რომ მათი რობოტი მაქსიმალურად მოქნილიც იქნება და საჭირო ფიზიკური ძალაც ექნება.
როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე წერია, რობოტს შეუძლია: თქვენი სახლის დალაგების რუტინა დაიმახსოვროს, სამზარეულოს ინვენტარი გააკონტროლოს, ხელი ჩამოართვას თქვენს მეგობრებს, დაგისხათ სასმელი, გაგიკეთოთ სენდვიჩი, გარეცხოს, გააშროს და დაკეცოს ტანსაცმელი, აანთოს და ჩააქროს შუქი, გაშალოს სასადილო მაგიდა, გამოგყვეთ სადაც ეტყვით, დაგიკავოთ ნივთები, თავისი თავი თავადვე დამუხტოს და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი საჭირო უნარი შეიძინოს.
კომპანია ჰუმანოიდის გაყიდვას აპირებს და მისი შეძენის სურვილი უკვე 300-მდე ადამიანმა გამოთქვა.
წინასწარი შეკვეთების მიღება 2025 წლიდან იქნება შესაძლებელი.