პოლონური მედიის ინფორმაციით, ჩვილი, რომელიც აპრილის დასაწყისში მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, გარდაიცვალა, საქმესთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს, ბავშვის მამა კი, რომელიც ქართველია, ძებნაშია.
პოლონური მედია იუწყება, რომ 5 თვის ჩვილი ქალაქ პოზნანში, პედიატრიულ ცენტრში 2 აპრილს დედამ, თამარ კ.-მ მიიყვანა. ბავშვი კაროლ იონშერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 8 აპრილს გარდაიცვალა.
პროკურორის განცხადებით, ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა თავის ქალის მოტეხილობა და ქრონიკული ტვინის დაზიანებები. ექიმების თქმით, ეს დაზიანებები, შესაძლოა, ერთი დაცემის შედეგი არ იყოს და სულ მცირე, რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე მხარის ქმედებებისგან იყოს გამოწვეული.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, დაზიანებები, რომელიც ჩვილს აღენიშნება, სერიოზული ფიზიკური დაზიანებაა. ისინი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო „ჩვილის ძლიერი რხევით, თავის მყარ საგნებზე დარტყმით ან იატაკზე დაცემით“.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბავშვის დედა, თამარ კ., მისი თანმხლები პირები – ალექსანდრე ს. და ვლადისლავ მ. – დააკავეს. სამივეს ბრალი ბავშვისთვის სერიოზული ზიანის მიყენებასა და დახმარების არ გაწევაში წაუყენეს.
ეჭვმიტანილია ბავშვის მამაც, ნაზგური კ. რომელსაც პოლიცია ეძებს.
5 თვის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, გაურკვეველი რჩება. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დამატებითი ტესტებისა და სრული სამედიცინო ჩანაწერების ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. გამოძიება გრძელდება.
„მტკიცებულებების საფუძველზე, ყველა დაკავებულს ბრალი წაუყენეს ერთობლივად და შეთანხმებულად მოქმედებაში, ბავშვზე ზრუნვის მოვალეობის მიუხედავად, რამაც ბავშვი სერიოზული ფიზიკური დაზიანების რისკის ქვეშ დააყენა. მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, ბავშვის დედა და ორი დაკავებული მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში დატოვა“,- წერს პოლონური მედია.
პოლონური მედიის ცნობით, ბავშვის მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი კი – მოლდოვის.
