პოლონელ მეცნიერთა ჯგუფმა კვიპროსელ და იტალიელ კოლეგებთან ერთად დაიწყო მუშაობა ავტონომიურ რობოტზე, რომელიც მეტყევეს ფუნქციებს შეითავსებს. სიახლის შესახებ tvp world წერს.
ახალ რობოტს არამხოლოდ ხეების დათვლა, არამედ ეკოსისტემის მდგომარეობის გაანალიზებაც შეეძლება. კამერებითა და გადამცემებით აღჭურვილი მეტყევე გარეული ცხოველების მოძრაობას დააფიქსირებს, მათ რაოდენობასაც განსაზღვრავს და მიგრაციის გზებსაც კი გააკონტროლებს.
რობოტის კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია – რწყილების მოგროვებაა. ეს მეცნიერებს მათი პოპულაციის შესწავლასა და დაავადებების გავრცელების რისკების შემცირებაში დაეხმარება.
პროექტმა ძალიან დააინტერესა ასევე არქეოლოგები. ისინი იმედოვნებენ, რომ რობოტი მიწის ქვეშ მიმალული ისტორიული ობიექტების ნახვას შეძლებს, მაგალითად ისეთის როგორიცაა ძველი დასახლება ან ძველი გზები, თანაც ამას მასშტაბური გათხრების გარეშე გააკეთებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკრძალების შემთხვევაში, სადაც ადამიანის ჩარევა მინიმალური უნდა იყოს.
მანქანა რთულად მისაღწევ ადგილებში იმუშავებს და მონაცემებს მუდმივ რეჟიმში გაავრცელებს. ეს ძალიან აქტუალური თემაა, რამეთუ მეტყევის პროფესია სულ უფრო და უფრო კარგავს პოპულარობას – ასეთი სამუშაო სპეციალურ ცოდნას და ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს.
პროტოტიპი მუშაობას უახლოს მომავალში შეუდგება და ჯერ პოლონეთის ტყეებს შეისწავლის, შემდეგ კი კვიპროსის და იტალიის რიგიც მოვა.