“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოზნერს და მის დელეგაციას საშვები საქართველოს შსს-ის მიერ ჰქონდა მინიჭებული, ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება კი, უმაღლეს დონეზე მიიღეს,” – ამ განცხადებით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების შემოშვებასა და გუშინდელ მოვლენებს ეხმაურება.
კანდელაკის თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. როგორც “ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, პოზნერის საქმიანობა უშუალოდ იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, მისი შემოშვება კი პოლიტიკურად გავრილოვის შემოშვებასთან არაფრით განსხვავდება.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელს დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საშვები მინიჭებული ჰქონდა. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.
მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა მიაცილა, რაც წინასწარ საშვებისა და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!” – აცხადებს გიორგი კანდელაკი.
მისი თქმით, პოზნერი საბჭოთა კავშირის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებულის საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან. ამასთან, კანდელაკის განცხადებით, იგი რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ სხვადასხვა დროს იცავდა.
პოლიტიკურად ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოშვება გავრილოვის შემოშვებასთან არაფრით განსხვავდება. გავრილოვისგან განსხვავებით შესაძლოა, ის უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო“, – აღნიშნა კანდელაკმა.