პრაღაში ტროლეიბუსებს დააბრუნებენ. 2022 წლის ბოლოსთვის ჩეხეთის დედაქალაქში, ორ მნიშვნელოვან მარშრუტზე ავტობუსებს ტროლეიბუსები ჩაანაცვლებენ. ამის შემდეგ კი კიდევ ოთხი მარშრუტის „ელექტროფიკაცია“ იგეგმება.
პრაღის მერია განიხილავს ყველა სტრატეგიას, რომელიც ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვის შემცირებას შეეხება. ქალაქში არის მეტრო და ტრამვაი, თუმცა ადგილობრივთა ნახევარზე მეტი გადაადგილდება ავტობუსით, რომელიც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობს. როგორც წესი, ავტობუსები ქალაქის გარეუბნებში დადიან. მთავრობამ პირველ რიგში მათი ჩანაცვლება გადაწყვიტა და საუკეთესო ალტენრატივად შეირჩა ტროლეიბუსი, რომლის ღირებულებაც ელექტრო–ავტობუსზე ბევრად ნაკლებია.
პრაღაში ტროლეიბუსის სრულყოფილი მარშრუტი 1960–იანი წლებიდან გაქრა. თუმცა, 2017 და 2018 წლებში ერთ–ერთ მარშრუტზე ჰიბრიდული ტროლეიბუსი მოძრაობდა და საჭიროების შემთხვევაში ის დიზელზეც მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ მავნე ავტობუსებზე უარს სხვა ევროპულ ქალაქებშიც ამბობენ, მაგალითად პარიზში 800–ზე მეტი ელექტრო–ავტობუსის შეყვანა იგეგმება, ხოლო მადრიდში კი ამოქმედდა უფასო მარშრუტი, რომელსაც ასევე ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები ემსახურება.