ჩვენ ტურისტულ სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს ტურიზმის სფერო, არსებული კონკურენციის გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და პრეტენზია ექნება, რომ გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყოს.
„საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა, მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, ვიდრე გლობალურად ტურიზმის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება“,-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმითვე, საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება შეძლო და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი.
