საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს.
ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ერთობლივი რეგიონული პროექტები, საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარების და საიმედო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.
ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით თურქეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ელჩს მადლობა გადაუხდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდ-19-ის პანდემიისას შექმნილ გამოწვევებზე და აღინიშნა, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით კვლავ პრიორიტეტულია, რადგან გლობალური პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.