LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: გლოვა აუცილებელია, თუმცა მასში არ უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში

45
BeFunky-collage (3)

ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის და მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის მიუღებელია,- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც  23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება.

„ჩვენ უნდა დავგმოთ კატეგორიულად ის რეფერენდუმები, რაც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში, რამეთუ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები, როცა ეს ჩატარებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ომის პირობებში, რას ნიშნავს და რა შეიძლება, იყოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ  „დღევანდელი დღე არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა არის ჩვენთვის, ყველასთვის ვალდებულება და ეს მეხსიერება არასდროს უნდა დაიკარგოს”.

“თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა და ამ ერთმა თაობამ გვაჩვენა ყველას და მე ვფიქრობ, აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს თითქმის 30 წელი, არა აფხაზეთის კულტურისა და ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, არა განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის.

ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ მზად, რომ დავინახოთ და ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო იწყება, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. გლოვა არ ყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ვიცოდეთ რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში ცხოვრება არ შეიძლება, უნდა ვიცხოვროთ მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ბევრს მოგვიტანს მალე. ამას ვხედავთ, როცა გამოდის იქ მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, როცა რეაქციები აქვთ მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები