LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა“

126
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 1 ივლისს დასრულდა, კანდიდატებთან გასაუბრებას კი კომისია მომავალ კვირას გამართავს:

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესის სრული გამჭვირვალობისა და შერჩეული კანდიდატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და მათთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეაფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს კანდიდატების შესახებ. კონკურსში მონაწილეობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5 განაცხადია შემოსული.

ამ ეტაპზე შესარჩევი კომისია ამოწმებს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს. მოხდება გასაუბრების ტრანსლირება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურების შერჩევის პროცესს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები გაუწევენ მონიტორინგს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.

პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.

პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g