ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. გადაწყვეტილება ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შემდეგ მიიღო.
ადვოკატმა „ფორტუნასთან“ საუბარში განმარტა, რა პროცედურები დაარღვია პრეზიდენტმა სკანდალური შეწყალებით.
კობაიძის თქმით, მსჯავრდებულებს დანაშაული არ მოუნანიებიათ და ამასთან, საქმე პრეზიდენტთან მისვლამდე შესაბამის კომისიას უნდა განეხილა, რაც ადვოკატის განცხადებით, არ მოხდა.
„სახელმწიფომ ძალიან ბევრი რესურსი დახარჯა, იმისათვის, რომ გიგი უგულავასთვის ბრალი წარედგინათ და შემდეგ გაესამართლებინათ. პრეზიდენტმა ეს საერთოდ უგულვებელყო და მარტივად მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მიხეილ სააკაშვილი რატომ გასამართლდა? იმიტომ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. სააკაშვილმა თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, როდესაც პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული და ფაქტობრივად არავის არ იწყალებს, რატომ შეიწყალა ბატონი უგულავა და ბატონი ოქრუაშვილი?
უგულავას შეწყალების თხოვნა შესაბამის კომისიას უნდა განეხილა. აქედან გამომდინარე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ მან სახელმწიფო უგულვებელყო, რისი უფლებაც არ აქვს. ვფიქრობ, არსებობს, მთელი რიგი სამართლებრივი პროცედურები, რითიც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს. ხომ ამბობს ქალბატონი სალომე, რომ მე თვითონ მივიღე გადაწყვეტილება, სხვა არ ჩარეულაო. ვნახოთ, იქნებ, დამტკიცდეს, რომ სხვამ აიძულა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღო და გამოძიების ეტაპზე შავი და თეთრი გამოჩნდეს. მაქვს იმედი, რომ გამოძიება დაიწყება.
კითხვაზე, პროცესის მოგების შემთხვევაში, როგორ შეიძლება განვითარდეს სამართლებრივად მოვლენები, ადვოკატი პასუხობს, რომ შესაძლებელია, დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი.
„იმ შემთხვევაში, თუ დადგება საკითხი, რომ ზურაბიშვილს ბრალი უნდა წარედგინოს, უნდა გადადგეს და უნდა დაიწყოს ე.წ. იმპიჩმენტის საკითხი. მაქვს იმედი, რომ პროცესს მოვიგებ“, – აცხადებს ადვოკატი „ფორტუნასთან“ საუბარში.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე რამდენიმე საათია გავცელდა, თუმცა კობაიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.