LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის მოლოდინში – რატომ ვერ ასახელებენ პარტიები კანდიდატებს?

პრეზიდენტის არჩევნებამდე ხუთი თვე ან ოდნავ მეტია დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს  იქნება ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი, პარტიები კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ.  ეს, ცხადია, ბევრ საკითხთან არის დაკავშირებული, მაგრამ მთავარი კითხვები მაინც პარტიების პოლიტიკური რესურსებთან დაკავშირებით ჩნდება. გარდა ამისა, ჯერ არ გაცხადებულა არც ოპოზიციის საბოლოო პასუხი, თანხმდებიან თუ არა ერთიან კანდიდატურაზე. თუმცა, სამი არაძირითადი მოთამაშის კანდიდატურები უკვე ცნობილია და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე რა გავლენას იქონიებს.

პრეზიდენტობის კანდიდატი არც მმართველ პარტიას დაუსახელებია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ არც  წინა არჩევნების დროს ჩქარობდა კანდიდატის ოფიციალურად დასახელებას. თუმცა, მაშინ საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო, რომ მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნებოდა და ოფიციალურად ის უკვე 12 მაისს დაასახელეს. წელს კი „ქართული ოცნების“ სავარაუდო კანდიდატებიც კი არაა ცნობილი.  მმართველი პარტიის კანდიდატი კი, როგორც წესი,  განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

 

რატომ გვიანდება საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება?

პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება არ გვიანდება. გია ხუხაშვილის თქმით, ვინაიდან არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, სისწრაფე სულაც არაა საჭირო. კანდიდატის ადრე გამოცხადებას ხუხაშვილი „გარკვეულ ტვირთს“ უწოდებს იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროცესს თან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება მოსდევს, ეს კი იმ ფონზე, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის პრობლემა აქვს. 

ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გია ნოდია, კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ზოგიერთ და არა ძირითად ოპოზიციურ პარტიებს, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე ჰყავს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, როგორც ნოდია ამბობს, „ქართული ოცნება“ ზედმეტად დარწმუნებულია საკუთარ გამარჯვებაში, ამიტომ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს. ამ პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ნოდია მმართველ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირების ფაქტორსაც არ გამორიცხავს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატად დაასახელებს იმ პოლიტიკურ ფიგურას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს.

„ბიძინა ივანიშვილი  შესაძლოა, აჭიანურებდეს ამ პროცესებს საკუთარ პარტიაში, მათ შორის, შიდა დაპირისპირებასაც. ივანიშვილი ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ რომელიმე ამჟამინდელი პოლიტიკოსი მმართველი გუნდიდან საპრეზიდენტო კანდიდატად მოიაზრება და იგი გამოკვეთილი ლიდერია, მაშინ პრეზიდენტობა მისთვის დაქვეითება იქნება, უნდა ვიგულისხმოთ, პირობითად, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე – მათთვის ეს დაქვეითება იქნება იმიტომ, რომ დღეს პრეზიდენტს მაინცდამაინც დიდი ფუნქცია არა აქვს, ესეც თავად „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკმაყოფილოა ასეთი ადამიანის მოქმედებით, არ უნდა, რომ ეს კონკრეტული ფიგურა მაღალ თანამდებობაზე იყოს, მაგრამ პრეზიდენტობას, როგორც საპატიო თანამდებობას, სთავაზობს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ გია ნოდია.

პოლიტოლოგთა ნაწილი თანხმდება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელება, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, დაგვიანებული არა, მაგრამ გაჭიანურებულია. ექსპერტთა შეფასებით, ორივე მხარე მიიჩნევს, რომ არცერთს არ ეჩქარება და რომ მისაღებია, რაც შეიძლება, გვიან დაასახელონ თავიანთი კანდიდატურები.

 

სახელისუფლებო პარტიის პრობლემები

იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტიიდან გამოკვეთილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს, პოლიტოლოგები პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირებით ხსნიან. 

გია ხუხაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დროდადრო არაერთი ფავორიტი იკვეთება, რომლებიც პარტიის შიგნით არსებული სხვადასხვა ჯგუფიდან არიან და, ხშირ შემთხვევაში, შიდა შეუთავსებლობასაც ქმნიან. ხუხაშვილის თქმით, ამ ჯგუფებიდან არცერთს აქვს იმის რესურსი, რომ „საკუთარი გადაწყვეტილება გაიტანონ“.

„ყველა ელოდება უმაღლესი არბიტრის არჩევანს, რომელსაც, როგორც ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან ვხედავთ, გარკვეული დისტანცია უჭირავს, როგორც პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე პერსონალური საკითხების განხილვის თემებზეც, ასე რომ, შიგნით თუ ფუსფუსი და ფართხაფურთხი მიდის, რეალურად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ,“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.

დაპირისპირების სათავე „ქართულ ოცნებაში“ გედევან ფოფხაძის განცხადება გახდა, როდესაც დეპუტატმა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში აღნიშნა, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. გედევან ფოფხაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება. ფოფხაძის თქმით, ნინია კაკაბაძის ფასეულობები და შეხედულებები მისთვის მიუღებელია და მის კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერდა.

ამ მოვლენის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატები აღარ მალავდნენ, რომ გუნდი ორ ნაწილად – ახლებად და ძველებად, დაიყო, ერთ ფლანგში პრემიერის მხარდამჭერები, მეორეში კი – მოწინააღმდეგეები, ანუ პარლამენტის თავმჯდომარის ფრთა დასახელდა. შეიქმნა ე.წ. „პარტიიდან გასარიცხთა სიაც“, რომელშიც ეკა ბესელია, ნუკრი ქანთარია, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, დავით ჭიჭინაძე და ზაზა პაპუაშვილი ირიცხებიან. სიის წევრების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ, გაავრცელა.

 

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი?

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ამ დრომდე საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის დასასახელებლად კონსულტაციები მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და პოლიტსაბჭოს წევრის, ნიკა რურუას, თქმით, ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს გამაერთიანებელი, გამბედავი, პრინციპული და მებრძოლი. 

„დღეს, როცა „ქართული ოცნების“ ყოვლად არაკომპეტენტური და კოლაბორაციონისტურად განწყობილი ხელისუფლება გვყავს, საჭიროა, რომ პრეზიდენტი ძლიერი და პრინციპული იყოს. რაც მთავარია, ის უნდა იყოს ადამიანი, რომლის გარშემოც არავის გაუჭირდება გაერთიანება იმიტომ, რომ მას უნდა ჰქონდეს იშვიათი და ძალიან საჭირო თვისებები,“ – უთხრა „ფორტუნას“ რურუამ.

მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ში კონკრეტული ფიგურის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, პარტია სხვა ოპოზიციურ ძალებს საკუთარი კანდიდატურის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობს. ამ გაერთიანების საჭიროებას კი ნიკა რურუა რესურსების თავმოსაყრელად ხედავს. რურუას განცხადებით, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური რესურსები ოპოზიციურ პარტიებს, მისი თქმით, „ხელისუფლების მეცადინეობით“, შემცირებული აქვთ.

„საჭიროა გაერთიანება, რადგან ეს იქნება ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი პირდაპირი გზით აირჩევს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეზიდენტი იყოს ოპოზიციური და აჩვენოს, რომ პირდაპირ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან საჭირო, როგორც, გარდა ყველაფრისა, დამაბალანსებელი ფიგურაც იქნება. საჭიროა ძლიერი პრეზიდენტი, რომელიც დააბალანსებს თავგასულ, კორუმპირებულ, დღევანდელ ხელისუფალს და ნებისმიერ სხვას,“ – აცხადებს ნიკა რურუა.

„თავისუფალ დემოკრატებში“ აცხადებენ, რომ პარტია საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს და საერთო ოპოზიციური კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდება. შალვა შავგულიძე, მიიჩნევს, რომ, თუ ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე პარტიები შეჯერდებიან, ეს კარგი იქნება, ვინაიდან, მისივე თქმით, „პრეზიდენტის ინსტიტუტი ფაქტობრივად ის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლს არ დაექვემდებარა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა შეინარჩუნა“.

„ქართული ოცნების“ მცდელობა ძალიან დიდია იმისა, რომ ეს ინსტიტუციაც პარტიული კონტროლის ქვეშ მოაქციოს, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას. ვიმეორებ, პრეზიდენტის ინსტიტუტი მაინც ინსტიტუციური დამოუკიდებლობით უნდა შენარჩუნდეს და ასე განაგრძოს ფუნქციონირება. ამიტომ არის ღირებული ერთიან კანდიდატზე შეთანხმება,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ „ფორტუნასთან“.

არც „რესპუბლიკურ პარტიას“ ეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარი პარტიიდან. თამარ კორძაიას უჭირს წინასწარი პროგნოზების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოახერხებენ ოპოზიციური პარტიები ერთიანი კანდიდატის წარდგენას. 

„ეს ერთიანი კანდიდატი ამ დრომდე არ ჩანს, ამიტომ ამაზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. თუ ბევრი კანდიდატი იქნება, ჩვენ ჩვენი ხედვების, პრინციპების შესაბამისად გადავხედავთ და იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ხედვებს განათლების, ეკონომიკურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით,“ –  განუცხადა კორძაიამ „ფორტუნას“.

„ლეიბორისტული პარტია“ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საკუთარი პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი დაასახელა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, თქმით, ლეიბორისტები სხვა ოპოზიციურ ძალებს შალვა ნათელაშვილის კანდიდატურის ირგვლივ შემოკრებას სთავაზობენ. გუგავას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებს აღიქვამს ხელისუფლების შეცვლის საწყის ეტაპად.

„საუბარი გვაქვს, რომ ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად განხილულ იქნეს შალვა ნათელაშვილი. ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა მისი რესურსიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, წაადგება საერთო რევოლუციურ ბრძოლასაც და შესაძლებელი იქნება, ერთიანი ძალისხმევით ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმის პარპაში დამთავრდეს,“ – ამბობს გიორგი გუგავა.

გუგავას თქმით, ქვეყანა ახლა ისეთ სიტუაციაში არ არის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების შანსები წმინდა პარტიულ ან პიროვნულ კონკურენციად აღიქმებოდეს. მისივე შეფასებით, ასეთ დროს, ბუნებრივია, ძალთა კონსოლიდაცია აუცილებელია.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველო“ ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციური ძალების კონსოლიდირების იდეით გამოვიდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი კვლავ ამ იდეის ერთგულნი რჩებიან და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან საერთო კანდიდატის დასასახელებლად კონსულტაციებს მართავენ. პაატა მანჯგალაძე განმარტავს, რომ რაც უფრო მალე შეთანხმდებიან ოპოზიციური პარტიები, მით უფრო მალე დასახელდება კანდიდატიც.  

„ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, ამ დღეებში საზოგადოება აუცილებლად გაიგებს იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში თანამშრომლობაზე ასეთი თანხმობა მიღწეულია,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე განმარტავს, რომ დღეს, როცა მმართველი პარტია ოპოზიციურ ძალასთან შედარებით აშკარა უპირატესობით სარგებლობს როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური რესურსების მხრივ, ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, „ქართულ ოცნებასთან“ კონკურენციაში შევიდეს, თუკი ოპოზიციური პარტიების რესურსების კონსოლიდირება არ მოხდება. მანჯგალაძის თქმით, სხვა შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ამომრჩევლების ფრაგმენტაციას და მთლიანობაში მოიგებს „ქართული ოცნება“.

საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად „გირჩს“ წარდგენილი ჰყავს ზურა ჯაფარიძე. ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ „გირჩი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებს და არც იმის იმედი აქვთ, რომ ოპოზიციური ძალები ჯაფარიძის კანდიდატურის ირგვლივ გაერთიანდებიან.

„არ გვაინტერესებს, ოპოზიცია რა კანდიდატზე შეჯერდება, საერთოდ არ გვაინტერესებს ეგ თემა და არც ვფიქრობთ მაგ თემაზე. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და მარტო მივდივართ არჩევნებზე,“ – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით არ ჰყავს და ვინაიდან მათთვის საერთო ღირებულების მქონე არცერთ ოპოზიციურ პარტიას კანდიდატი არ დაუსახელებია, ერთიან კანდიდატზე შეჯერებასთან დაკავშირებით, პარტიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ვინაიდან ოპოზიციაში ანტაგონიზმი საკმაოდ მძაფრია, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის დასახელება შესაძლოა, საერთოდაც ვერ მოხერხდეს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში არიან ნულოვანი პარტიები, რომლებმაც შესაძლოა, საკუთარი კანდიდატი წამოაყენონ, მაგრამ „ნულოვანი პარტიების ჯამი ისევ ნულია“ და, გია ხუხაშვილის თქმით, ეს მცდელობა არაფრის მომცემი იქნება.

„რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებსაც „პულსი ესინჯებათ“, მათი გაერთიანება უბრალოდ შეუძლებელია როგორც მსოფლმხედველობრივი გაგებით, ასევე პირადი დამოკიდებულებით და პოლიტიკურად. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად თეორიული მსჯელობაა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს,“ – ამბობს ხუხაშვილი.

 

კანდიდატებიანი ოპოზიციური პარტიები

ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას ჰყავს დასახელებული საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს პარტიებია: „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი, „გირჩი“ – ზურაბ ჯაფარიძე და „ქართული მარში“ – სანდრო ბრეგაძე.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ არჩევანი შალვა ნათელაშვილზე იმიტომ შეაჯერეს, რომ ნათელაშვილი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერია, შესაბამისი ბექგრაუნდით და გამოცდილებით. გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ „საქართველოს სჭირდება სწორედ შალვა ნათელაშვილისნაირი მებრძოლი, რომელიც არ არის დამძიმებული ძველი სახელისუფლებო ცოდვებით.“ 

„თუ განვიხილავთ საპრეზიდენტო არჩევნებს ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი მთავარი საეტაპო მომენტის კონტექსტით, სწორედ ასეთი პრეზიდენტი სჭირდება დღეს ქვეყანას. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საერთოდ გააქროს. ამდენად, სწორედ ასეთ დროს საჭირო არის გამოკვეთილად ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი, როგორიც არის შალვა ნათელაშვილი,“ – ამბობს გუგავა.

პარტია „გირჩში“ კი განმარტავენ, რომ არჩევანი ზურა ჯაფარიძეზე იმიტომ შეაჩერეს, რომ ჯაფარიძე, მათი შეფასებით, უფრო პრაგმატული კანდიდატია. დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან „გირჩში“ თავს იკავებენ.

 

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g