LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა – საფინანსო კომპანიების რეგულაციები ძალაში შევა

92

საფინანსო კომპანიების ახალი რეგულაციების შესახებ კანონპროექტზე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოს არ გამოიყენებს.

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, მაია მელიქიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც ბანკების, ონლაინ სესხებისა და მიკროსაფინანსო კომპანიების ახალ რეგულაციებს შეეხება, სახელმწიფოს მეთაური ხელს მოაწერს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს. მათი ვარაუდით, შესაძლოა, ცვლილებების შემდეგ საპროცენტო განაკვეთები ლარში აღებულ სესხებზე გაიზარდოს.

თუმცა, მელიქიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან კობა გვენეტაძისგან მიიღო დაპირება, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებენ და ეს კანონპროექტშიც აისახება.

“ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები და ეს შენიშვნები გახლავთ:

ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა, ლარში გაცემულ სესხებზე აიწიოს მომავალში.

გვაქვს კითხვები – საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ასეთ დაჩქარებულ და ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა იმ რისკებზეც გააკეთა განცხადება, რომელიც, მისი თქმით, კანონის ამოქმედებას ახლავს.

“ინიციატივა პოზიტიურია, მაგრამ აქ არის გარკვეული რისკები. როდესაც ეს დაანონსდა გაცვლითი კურსი იყო 2.52 20 პუნქტით ნაკლები გახლავთ 2.32. ეს რომ ლარში გადავიყვანეთ, იყო დაახლოებით 80 000 ლარის ფარგლებში. ეს მაჩვენებელი ლარში იზრდება, შესაბამისად სესხის ძირი ლარშიც იზრდება. თუ ის გადააჭარბებს 100 000 ლარს კონკრეტული პირი ამ პროგრამაში ვეღარ მოხვდება”, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს შენიშვნები აქვს, ზოგადად ინიციატივას შესახებ, ისინი დადებითად აფასებენ.

მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები, უახლოეს მომავალში უნდა აისახოს კანონპროექტში. ამ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. კანონპროექტი კი მას შემდეგ შევა ძალაში, როცა პრეზიდენტი ხელს მოაწერს.