შეკვეთილში მდებარე უდიდეს საკონცერტო დარბაზს „ბლექ სი არენა“ სუპერვარსკვლავი, მევიოლინე, მრავალი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი, ვანესა მეი ესტუმრება. მეი საქართველოში დიდი ჯგუფით ჩამოდის და ბრწყინვალე შოუს ჩატარებას გეგმავს. მისმა კონცერტმა მთელ მსოფლიოში მუსიკოსის თაყვანისმცემლების დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან ვანესა მეის შოუებით განებივრებულები არ არიან.
ვანესა მეის საქართველოში სპეციალური შოუ ჩამოაქვს, რომელსაც „ბლექ სი არენას“ მაყურებელი ექსკლუზიურად იხილავს. ბილეთის ფასი საკმაოდ დემოკრატიულია და 30 ლარიდან იწყება.
„ბლექ სი არენამ“ დღეს „რუმსში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონცერტის დეტალებზე ისაუბრეს.
„ფორტუნა“ არენის ივენთმენეჯერს, ანი კავლელიშვილს ესაუბრა.
ვენასე მეის „ბლექ სი არენაზე“ გამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაახლოებით ოთხ თვეს გაგრძელდა, თუმცა საგულისხმოა, რომ თანხმობის მოპოვებაში მცირე დრო დაიხარჯა. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოში აქამდე ჩატარებული სხვადასხვა უცხოელი ვარსკვლავის კონცერტი ძალიან კარგი წინაპირობა აღმოჩნდა იმისთვის, რომ არტისტებს უკვე ჰქონდეთ ინფორმაცია, რამდენად კარგი მსმენელია საქართველოში და რამდენად კარგი დახვედრა ვიცით ქართველებმა (იღიმის).
ასე რომ, ვანესა მეიმ დიდი სიხარულით მიიღო ჩვენი წინადადება. სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, რომ საქართველოში ამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ქართველ მსმენელს ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა და შეუძლია მისი გაგება და მიღება. დიდია აქტიურობა არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელების მხრიდან. ვანესა მეის კონცერტებით მსმენელი არ არის განებივრებული, მის შოუებს ახლავს ძალიან დიდი ტექნიკური დავალება, რომლის შესრულებაც არ არის ადვილი. მიხარია, რომ ამ დავალების შესრულება „ბლექ სი არენას“ თავისუფლად შეუძლია.
არა მხოლოდ ვანესა მეის, არამედ სხვა უცხოელი ვარსკვლავების აგენტები გაკვირვებულები არიან, როცა იგებენ იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც „ბლექ სი არენას“ აქვს. კითხვასაც გვიბრუნებენ ხოლმე, მართლა გვაქვს თუ არა ამ შესაძლებლობების აპარატურა (იღიმის). გვეამაყება, რომ „ბლექ სი არენამ“ შესაძლოა, უმასპინძლოს უმაღლესი დონის შოუებს, მაგალითად, ისეთს, როგორიც ვანესა მეის შოუა.
ტექნიკურის გარდა, როგორია მისი მოთხოვნები?
„პრინცესა ვანესა მეი“ – ასე ეძახიან მას. მოთხოვნებიც შესაბამისი აქვს (იღიმის). გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პირველად მოდის, მათი მოთხოვნების სია დაკორექტირდა ჩვენდა სასარგებლოდ. მისი გემოვნებით მცირედ შტრიხებს შევიტანთ როგორც საგრიმიოროებში, არამედ სასტუმროს ნომერშიც. ის, თავისი ჯგუფით, ბათუმში ჩამოფრინდებიან და ბათუმში იცხოვრებენ.
მინდა აღვნიშნო ერთი დეტალი – მის უცხოელ თაყვანისმცემლებს, როგორც აგენტებმა გვითხრეს, დიდი სურვილი აქვთ, ჩამოჰყვნენ საყვარელ ვარსკვლავს კონცერტზე. ეს, ვფიქრობთ, დიდწილად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. იმედია, გურიაშიც ისეთივე მაღალი კლასის სასტუმროები აშენდება, როგორიც აჭარაში გვაქვს.
ნინო მურღულია