მაგთი და სილქნეტი ტარიფებს აძვირებენ, ამის შესახებ ორივე კომპანიამ ერთდროულად აცნობა მომხმარებლებს.
შარშანდელთან შედარებით თითქმის ორმაგდება ტარიფი ინტერნეტ მომსახურებაზე. ცვლილებები აგვისტოდან შედის.
მომხმარებლების ნაწილი ოლიგოპოლიის საფრთხეს ხედავს და მოქმედებას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან ელის.
რა მდგომარეობაა ბაზარზე?
საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე – უჩა სეთური.

– შეიძლება, ითქვას, საკმაოდ მნიშვნელოვანი გაძვირებაა. მესმის, რომ ამას სხვადასხვა ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ინფლაციაა, ნავთობი გაძვირდა და ელექტროენერგიის საფასურიც გაძვირდა, მაგრამ მაინც ცოტა ზედმეტად ხომ არ ძვირდება ტარიფები?
– ჩვენ დაახლოებით ორი წელია ვსაუბრობთ, რომ შემოთავაზებული ფასები რეგიონების მოსახლეობისთვის იყო დემპინგური, ანუ რეალობასთან შედარებით ბევრად ნაკლები, ამიტომ მიგვაჩნია, რომ პროცესი აბსოლუტურად კანონზომიერია.
გასაგებია, რომ გვაქვს ფასთა მატება, რაც თქმა უნდა, უკავშირდება სერვისის მომსახურების შექმნას. თუმცა მაინც მგონია, რომ პროცესი დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. ასეთია ჩვენი, მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციების პოზიცია. ჩვენ ვინარჩუნებთ საბაზო სეგმენტს, რომელიც ჩვენი მომხმარებლებისთვის გვქონდა შეთავაზებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
– მცირე და საშუალო კომპანიები ძირითადად მუშაობენ რეგიონებში. მათი დატვირთვა იქ უფრო მეტია…
– ძირითადი დატვირთა მოდის რეგიონებში. მაგრამ რა თქმა უნდა, ვართ თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც.
– საუბრობენ იმაზე, რომ ეს ორი დიდი კომპანია მაგთი და სილქნეტი, რომელიც ბაზრის ძალიან დიდ წილს ფლობს, ერთ დღეს გამოაცხადებენ ხოლმე ტარიფების გაძვირებას. ძალიან უცნაურად ემთხვევა ხოლმე ეს პროცესი.
თითქოს სხვადასხვა შეთავაზებებია, მაგრამ მაინც ძალიან ახლოს არის მათი ფასებიც. ხომ არაა რამე ოლიგოპოლიური გარიგება და რას უნდა აკეთებდეს კომუნიკაციების კომისია, მარეგულირებელი ამ შემთხვევაში?
– ჩვენ გვახსოვს, რომ დაახლოებით ორი წლის უკან, საცალო ბაზრის რეგულირებიდან გამოვიდა მარეგულირებელი კომისია. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ პასუხი არის კონკურენცია და ალტერნატივები, რომელიც მომსახურების სახით არსებობს. თუ ჩვენ არ ჩავთვლით სამმაგ შეთავაზებებს, როცა მომხმარებელი ერთდროულად ყიდულობს ინტერნეტს, ტელევიზიას და მობილური მომსახურებას შეღავათიანი პირობებით.
პირობები რომ არ არსებობდეს, კონკურენცია ამ ყველაფერს დაარეგულირებდა. კომისიას აქვს საკმაო დრო, სანამ ეს ტარიფები შევა ძალაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად სწორია, ტარიფების გაძვირება. მესმის, რომ მოსახლეობისთვის შეიძლება იყოს პრობლემების შემქმნელი. თუმცა რეგიონებში ხშირ შემთხვევაში შემოთავაზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად მომსახურებები, რაც ვფიქრობ, რომ სატარიფო ცვლილებებით გამოსწორდება.
– დაბალი ფასები ალბათ იმიტომ დააწესეს, რომ გაეზარდათ საკუთარი წილი ბაზარზე და შემდეგ გაეძვირებინათ. ეს იყო ძირითადი მიზეზი დაბალი ფასების?
– არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ შემთხვევაში რომ წარმოიდგინოთ, საუბარია ქოლცენტრის მუშაობაზე, დაზიანების აღმოფხვრის ვადებზე, ყურადღებაზე და შაბათ კვირას მუშაობაზე, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესი დამატებით ახორციელებს. ეს ყველაფერი საკმაო ფინანსებსა და რესურსებს ითხოვს.
– მცირე და საშუალო სატელომუნიკაციო ოპერატორების წილი ბაზარზე, თუ რეგიონებს არ ჩავთვლით, საკმაოდ მცირეა და უფრო მეტ მოქალაქეს ეხება, ვიდრე მაგთის და სილქნეტის აბონენტებს. მით უფრო რომ ბიზნესის მომსახურება მობილური ინტერნეტით, სხვა ოპერატორებს ნაკლებად აქვთ, ან საერთოდ არ აქვს. წლების წინ ბაზარზე შემოვიდა მესამე კომპანია- ბილაინი, თუმცა ამან საბოლოო ჯამში კონკურენცია ვერ გააუმჯობესა. რა იყო ამის მიზეზი?
თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ახალი ტარიფები კონკურენციის ზრდას ხელს შეუწყობს, მაგრამ მანამდე ფაქტობრივად დემპინგურ ფასებთან გვქონდა საქმე…
– ეს ჩვენი მოსაზრებაა, თუმცა იმის გამო, რომ კომისია რეგულაციაში არ შემოდიოდა, ვერ მივიღეთ წარმოების დაწყება კომისიაში და ვერ მოვახდინეთ მისი დეტალური შეფასება.
ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ამ შემთხვევაში განაპირობებს მომხმარებლის არჩევანს, ეს არის სამმაგი შეთავაზება. როდესაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უფასო საუბარს რამდენიმე ნომერზე.
სამმაგი და ორმაგი შეთავაზებები ბადებს კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ბარტერული გარიგება შეიძლება არსებობდეს, თუმცა ამის მტკიცება ძალიან რთულია და ამის დადგენას დასჭირდება კვლევა.
რამდენიმე დღეში, ვნახავთ როგორი იქნება კომისიის რეაქცია განხორციელებულ ცვლილებების მცდელობაზე. მათ აქვთ ვადების დაცვის ვალდებულება, იმისთვის, რომ მომსახურებაში ცვლილებები შეიტანონ.
– რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით მარეგულირებლის გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ კერძო კომპანიას ვერაფერს მოვთხოვთ. თავისთავად ჩვენ ვთხოვთ იმ კომისიას, რომელსაც ჩვენ ვქირაობთ და საკმაოდ მაღალ ხელფასებსაც ვუხდით საჯარო მოხელეების პირობაზე და ამიტომ მათ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ისეთი, რომელიც პირველ რიგში იქნება მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული და ისეთი, რომელიც, რასაკვირველია, ბიზნესს არ დააზიანებს.