პროექტის “კინო სკოლაში” ახალი სეზონი ახლახანს დაიწყო. ხვალ, 19 აპრილს კი კინოსპეციალისტებსა და სკოლის პედაგოგებს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილიც შეუერთდება.
ცნობილი ქართველი რეჟისორი მის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ფილმს “გაღმა ნაპირი” ახმეტასა და პანკისის ხეობაში კინოსკოლელებისთვის აჩვენებს. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ფილმის ჩვენება ახმეტაში 12:00 საათზე შედგება, სადაც კინოსკოლელები რამდენიმე საჯარო სკოლიდან მოიყრიან თავს.
პანკისის ხეობაში კი ფილმს “გაღმა ნაპირი” 15:00 საათზე აჩვენებენ. ღონისძიება სოფელ დუისში გაიმართება. მას კინოსკოლელები პანკისის ხეობის
შემდეგი სოფლებიდან დაესწრებიან: ჯიყოლო, ბირკიანი, დუმასტური, ყვარელწყალი და საკობიანი.
გიორგი ოვაშვილის ვიზიტი კახეთის რეგიონში კახეთის რეგიონული განვითარების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
“კინო სკოლაში”კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.