პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მთავრობამ ცვლილებები დაამტკიცა და საწარმოების დაფინანსების ზღვარმა დაიწია.
პროგრამის მიხედვით, ქვედა ზღვარი 250 ათასი ლარი/150 ათასი დოლარი იყო. ახალი განკარგულების მიხედვით ეს ზღვარი მცირდება და 75 ათასი დოლარი (150 ათასი ლარი) იქნება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ცვლილება განპირობებული იყო კერძო სექტორის მოთხოვნით და ბანკებთან კონსულატაციით.
„მას მერე, რაც ჩვენ დავამატეთ საწარმოების გაფართოების ნაწილი, აღნიშნული კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და ის მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბენეფიციარების რაოდენობა პროგრამაში გაიზარდოს“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბანკებთან არაერთი კონსულტაციის შედეგად მიიღეს, ლარში დაწესებული მაქსიმალური ზედა ზღვარის 13%-ის გაზრდაა.
„ეს ზღვარი უკვე თანხების რაოდენობის მიხედვით გაიზარდა. 3-დან 5 მლნ ლარამდე კრედიტის შემთხვევაში ეს იქნება 15%, საიდანც ჩვენ დავასუბსიდირებთ გარკვეულ ნაწილს. 16 % იქნება მილიონ ნახევრიდან სამ მილიონი ლარის შემთხვევაში და 17% მლნ ნახევრამდე სესხების შემთხვევაში“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.
გარდა ამისა, დაზუსტდა სასტუმროს კომპონენტში სასტუმროს განმარტება.
ქუმსიშვილის თქმით, დაემატა ოთახების რაოდენობა და გაიწერა, რომ ეს იქნება 10 ოთახი.
„აღნიშნულით ჩვენ წავახალისებთ საოჯახო სასტუმროების განვითარებას და ეს იყო ჩვენი ამოცანა. ასევე დაზუსტდა საერთაშორსიო ბრენდის განმარტება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სასტუმროების კომპონენტი ითვალისწინებს ამ მიმამრთულებასაც“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
