პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე 18 პირს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 პირი, ფულადი თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.
„ასევე, 7 ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.
2022 წლის 8 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოს შესაბამისი განჩინებების საფუძველზე, ეტაპობრივად ჩატარდა ზემოხსენებულ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკები, რის შემდგომაც მოხდა მათი დაკავება.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273-ე მუხლის მეორე, მესამე, მეხუთე და მერვე ნაწილებით, 19,260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ნაწილებით, აგრეთვე 261-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.