საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას ბრალდება წარედგინა სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკანორ მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.
ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვინაიდან, ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით 29 მაისს დააკავეს.
ცნობისათვის, ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება. მას კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას შეეხება, 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
ნიკა მელიას ასევე მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ნიკას ვერ გატეხენ… მეტირება, მაგრამ ეს ჩემს სიძლიერეზე ლაპარაკობს“ – ანზორ მელია
