გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც იკვეთება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები.
საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას და ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს
როგორც “ფორტუნას” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარზე” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გავიდა სიუჟეტი, რომელშიც რესპონდენტი, ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, ფარული მიყურადებისთვის სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე ამონტაჟებდა.
გულაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა. მან აღნიშნა, რომ აქციის დარბევის ღამის კადრები საბანაძემ ამოაღებინა პარლამენტის სარდაფიდან, სადაც მას სერვერი იწერდა.
გულაშვილის თქმით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა.