1-ელ აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ „ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის“ სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ქრონიკულ ვენურ დაავადებაზე ისაუბრა.
-ბატონო ზაზა, გაზაფხული ვენური დაავადებების მაპროვოცირებელი არის ხოლმე და ამ სეზონზე უფრო აქტუალური ხდება ეს პრობლემა. რას წარმოადგენს ვენური დაავადებები და რატომ უწევს გაზაფხული პროვოცირებას?
-პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ქრონიკული ვენური დაავადება არ მიეკუთვნება იმ დაავადებებს, რომელთაც სეზონურობა ახასიათებთ, მაგრამ დაავადების გამწვავებას იწვევს ის, რომ ვენებს სითბო არ უყვართ. ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი სარტყლის ქვეყნებში ზუსტად მარტის ბოლო და აპრილის დასაწყისი ითვლება იმ პერიოდად, როდესაც იწყება ქრონიკული ვენური დაავადებების გამწვავებები. ქრონიკული ვენური დაავადება გავრცელების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, იმიტომ რომ არის დაკავშირებული გრავიტაციასთან, ქვემო კიდურების მოძრაობასთან და ეს არის ადამიანის დაავადება. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების რომელიღაც პერიოდში, რომელიმე სახით და სიმძიმით არ გამოუვლინდება ქრონიკული ვენური დაავადება. ერთდროულად მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი არის დაავადებული ქრონიკული ვენური დაავადებით. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები მიუთითებენ, რომ ვენური დაავადებები ყველაზე ხშირი არის ადრეულ რეპროდუქციულ ასაკში, სქესთა ბალანსი ქალებსა და მამაკაცებს შორის არის 6:1, რაც მშობიარობასთან და ორსულობასთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო კვლევები, რომელთა მიხედვითაც უკვე სკოლის ასაკის მოსახლეობაშიც არის გარკვეული სახით გამოვლენილი ქრონიკული ვენური დაავადება, განსაკუთრებით 13-14 წლიდან.
-როგორ ვლინდება ეს დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს და ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს?
-როგორც აღვნიშნე, ყველაზე დიდი რისკის მატარებლები რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალბატონები არიან. გამოვლენის თვალსაზრისით, ეს პროგრესირებადი დაავადებაა. თავიდან შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: წვა ქვემო კიდურებში, სიმძიმის შეგრძნება, ქავილი, ღამის კრუნჩხვები, აღსანიშნავია, რომ ამ დროს გარეგნული ნიშნები შეიძლება საერთოდ არ იყოს. შემდგომ იწყება ისეთი კლინიკური ნიშნების გამოვლენა, როგორიცაა ტელეანგიექტაზიები, ასევე შეიძლება გამოვლინდეს ვარიკოზულად დაზიანებული ზედაპირული ვენები. როდესაც პროცესში ჩაერთვება შეშუპება, ეს უკვე მიუთითებს იმ ფაქტორზე, რომ უკვე ღრმა ვენური სისტემაც ჩართული არის. ღრმა ვენური სისტემის გარდამავალი შეშუპების სახით გამოვლენა, ეს არის ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი, როდესაც საღამოთი არის შეშუპება და დილით, წოლის შემდეგ და შედეგად ის ქრება. ამ ყველაფერს გაღრმავების შემდეგ მოჰყვება ისეთი შეუქცევადი ცვლილებები, როგორიც არის ლიპოდერმატოსკლეროზი ანუ მდგრადი შეშუპება და შემაერთებელ ქსოვილოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში. შემდგომი გაღრმავება ეს არის ტროფიული წყლული, ტროფიული დარღვევები, რომელსაც წინ უძღვის ჰიპერპიგმენტაცია ანუ ფერის შეცვლა, გაყავისფრებული უბნის წარმოქმნა წვივის დონეზე, განსაკუთრებით კოჭ-წვივის მიდამოში. ეს არის ის ძირითადი ეტაპები, რომელსაც ეს დაავადება გაივლის. დაავადება არის მაინვალიდიზირებელი, განსაკუთრებით, როდესაც უკვე ტროფიული წყლული ვითარდება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პაციენტების 20%-ს ესაჭიროება გარკვეული ინვაზიური ჩარევები, დანარჩენ 80%-ში არის მედიკამენტური, კონსერვატიული მკურნალობა. უნდა ვთქვა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების წესის გაუმჯობესება და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
-რამდენად დიდია ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, ქრონიკულ ვენურ დაავადებასთან მიმართებაში და რამდენად შეუძლია მას პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება?
-ქრონიკული ვენური დაავადების ძირითადი მორფოლოგიური მექანიზმი არის ვენური ჰიპერტენზიის ანუ შეგუბების განვითარება და წნევის გაზრდა ქვემო კიდურების ვენურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჰიპოდინამია, უმოძრაობაა, რაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით იყო გამძაფრებული. წვივის კუნთების ერთობლიობა საშუალებას იძლევა, რომ ვენური სისხლი იყოს გადასროლილი, ადინებული გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, გულის მიმართულებით. რა თქმა უნდა, თუ ადამიანი არ მოძრაობს, ეს ტუმბოც უმოქმედოა და მისი ფუნქციონალური რეზერვებიც თანდათანობით მცირდება, ამიტომაც მოძრაობა პირველი და უმთავრესია. მნიშვნელოვანია, ორგანიზმის ადეკვატური რაოდენობის სითხით გაჯერებაც, რაც დაახლოებით, 2 ლიტრი წყლის მიღებას გულისხმობს.
-არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს პირიქით, სითხე ზედმეტია, მაშინ, როცა შეშუპება ჩნდება…
-არა, არავითარ შემთხვევაში. შეშუპების მექანიზმი არის გაზრდილი დეპონირებული სისხლის გამო, წნევის გამო სისხლძარღვიდან ქსოვილებში ჟონავს სითხე. თუ ადამიანი არ მოძრაობს, სითხეს არ იღებს, სისხლი უფრო ბლანტი ხდება. რაც უფრო ბლანტია სისხლი, ადინების პროცესიც უფრო რთულდება და უფრო მეტი სამუშაოა შესასრულებელი. ამიტომ ეს აუცილებელია, თუ არ ჩავთვლით, იმ მწვავე გართულებას, რომელსაც ღრმა ვენების თრომბოზი და მისგან გამოწვეული თრომბოემბოლია ეწოდება. სითხით ადეკვატური გაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ადეკვატური კვებაც, რადგან მუცლის ღრუს შიდა წნევა რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს. მიღებული უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი საკვები, რადგან როდესაც მუცლის ღრუს შიდა წნევა მატულობს, ხდება მთავარი ვენის, ქვემო ღრუ ვენის კომპრესია და ესეც ხელს უშლის ადინებას გულის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობები, გარდა ძალისმიერი სახეობებისა. ცურვა არის ყველაზე სასურველი, რადგან ამ დროს ორგანიზმი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფება და დატვირთვაც ნაკლებია ვენურ ტუმბოზე.
-რამდენად მნიშვნელოვანია დროულად დიაგნოზის დასმა, როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს, რომ თავიდან აიცილოს შეუქცევადი პრობლემები?
–როგორც აღვნიშნეთ, დაავადება პროგრესირებადია, თანდათანობით ვლინდება და სტადიებს შორის პერიოდი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი იყოს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალბატონები, ამიტომ ორსულობის (შეწყვეტილი თუ მშობიარობით დამთავრებული) შემდეგ, მშობიარობიდან 2-3 თვეში სასურველია მათ პრევენციისათვის მიმართონ ექიმს. დაავადებულთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ანგიოლოგები შეუძლებელია გაუმკლავდნენ ამ ჯგუფს, მოგეხსენებათ მოსახლეობის ნახევარი არის დაავადებული, ამიტომ ჩვენი ასოციაცია უკვე დაახლოებით 10 წელია ძალიან აქტიურ კამპანიას აწარმოებს და ოჯახის ექიმებს, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს და სხვა ექიმ-სპეციალისტებს მაქსიმალურად რთავს ამ პროცესში და მუშაობს მათ ინფორმირებაზე. საქართველოში დიპლომირებული და სერტიფიცირებული დაახლოებით 75-80 ანგიოლოგია, შესაბამისად მოსახლეობის ნახევარს შეუძლებელია, რომ საჭირო სერვისი და დახმარება გაუწიონ, სწორედ ამ მიზეზით გვაქვს ეს პროგრამა, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ოჯახის ექიმებს უკვე აქვთ გარკვეული ცოდნა და ისეთ კონსერვატიულ საშუალებებსაც ნიშნავდნენ, როგორიც არის: მედიკამენტური პრეპარატები, კომპრესიული ტრიკოტაჟი თუ სხვა.
-რას მოიცავს მედიკამენტური მკურნალობა, რამდენად ხელმისაწვდომი და ეფექტურია?
-როგორც მოგახსენეთ პაციენტების 80% არ საჭიროებს ინვაზიური სახის მკურნალობას. ძირითადად მკურნალობის სამი მთავარი კომპონენტი არსებობს, პირველი ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და მაქსიმალური აქტივობა, მეორე ეს არის ვენოტონური პრეპარატები და მესამე ეს არის კომპრესიული ტრიკოტაჟი. რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს თანაბრად საჭირო საშუალებებია, უბრალოდ კომპრესიული ტრიკოტაჟი მხოლოდ 4-5 თვის განმავლობაში გამოიყენება აქტიურად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც შედარებით ცხელი ქვეყნების რიგს მივეკუთვნებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც ვენოტონურ პრეპარატებს ენიჭება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰესპერიდინ+დიოსმინის კომბინაცია, რომელიც ყველაზე აქტიურია და ყველა იმ კომპონენტზე მოქმედებს, რომელიც განსაზღვრავს ქრონიკულ ვენურ დაავადებას და დაავადების ყველა ეტაპზე არის ნაჩვენები.
-მენჯის სისხლსავსეობის სინდრომის შესახებაც მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. რას ნიშნავს ეს სინდრომი და რამდენად გავრცელებულია ის?
-მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი არის ძალიან მძიმე დაავადება, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე სოციალური თვალსაზრისით. ძირითადი კონტინგენტი ეს არის ახალგაზრდა ქალები, 20-45 წლის ასაკში, ანუ რეპროდუქციულ ასაკში, რაც უმეტესად დაკავშირებული არის ორსულობასთან და მშობიარობასთან. დაავადების სიმძიმეს განაპირობებს ის, რომ ამ დაავადებას არ გააჩნია სპეციფიკური სიმპტომატიკა და ძირითადად წარმოდგენილი არის გინეკოლოგიური, უროლოგიური, ნევროლოგიური და გასტროენტეროლოგიური დაავადებების სიმპტომატიკით, ამიტომ საკმაოდ ძნელი არის მისი დიაგნოსტიკა. ამ დაავადების ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი არის ქრონიკული ხასიათის ტკივილი მენჯის მიდამოში. შემიძლია ვთქვა, რომ ამ პრობლემის მქონე პაციენტები ხშირად უკავშირდებიან გინეკოლოგებს, უროლოგებს, გასტროენტეროლოგებს და ამაში კარგავენ წლებს. ახლა მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს კამპანია, რომ მოხდეს ამ დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მინდა ვთქვა, რომ „გაეროს მოსახლეობის ფონდიც“ ჩართულია ამ პროცესში და დუბაიში მიმდინარე „ექსპო დუბაის“ ერთ-ერთი ძირითადი თემა სწორედ მენჯის სისხლსავსეობის სინდრომია და მასზე ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და რაც მთავარია, სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტებისთვის. თვით ანგიოლოგებშიც კი ძალიან ცოტა ფლობს ინფორმაციას ამ დაავადების შესახებ ე.წ. დაფარული ეპიდემიაა, არადა სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ქალებს გაძლიერებული ტკივილის შეგრძნება აქვთ განსაკუთრებით ფეხზე დგომის დროს, სხვადასხვა ოჯახური სამუშაოს დროს და სქესობრივი აქტის დროს.
-გადაცემაში განხილული ორივე დაავადება ნამდვილად ცდება სამედიცინო პრობლემატიკის ფარგლებს და სოციალურ კლასში გადადის. 4-დან 10 აპრილამდე საერთაშორისო ვენების კვირეული აღინიშნება. რას მოიაზრებს ეს პროექტი, რა მიზნებს ემსახურება და ვის მიერ არის ინიცირებული საერთაშორისო დონეზე და ვინ არის ორგანიზატორი საქართველოში?
-ვენების კვირეული უკვე მეორედ იმართება საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. შარშან მონაწილეობდა 47 ქვეყანა, ამჟამად უკვე 62 ქვეყანაა ჩართული. ეს არის „საერთაშორისო ვენური და ლიმფური დაავადებების ფონდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელმაც შარშან ამ კვირეულის ფარგლებში 1200-ზე მეტი აქტივობა ჩაატარა, სპეციალისტებისთვის, ექიმებისთვის თუ მოსახლეობისთვის. საქართველოში ამ ღონისძიებას ატარებს „ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია“ და „საქართველოს ფლებო-ლიმფოლოგიის განვითარების ფონდი“. ვფიქრობ, შარშანდელი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ აქტიურად ჩავატარეთ კვირეული. შემდეგი კვირა მთლიანად დაეთმობა ამ დაავადებების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და ასევე მასიური გასინჯვები ჩატარდება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში.
-ვინ არიან ამ კვირეულის მხარდამჭერები, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობა ამ პროცესში?
-რა თქმა უნდა, კარგი კამპანიის ჩასატარებლად, კარგი ფინანსური მხარდაჭერა აუცილებელია. ისევე როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტული ინდუსტრია არის აქტიურად ჩართული, მათ შორის გამოვყოფდი სამედიცინო კომპანიას „სერვიე“ რომელიც, როგორც შარშან, ასევე წელს ძირითადი სპონსორია ამ ღონისძიების და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ასე აქტიურად გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა.