ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა „იფქლი“ დარგის ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა. საქართველოს ეკონომიკის ლიდერი კომპანიების დაჯილდოების სახელმწიფო სარეიტინგო პროგრამის მიხედვით, “იფქლი” 2016 წლისთვის ოქროს რეიტინგების კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა.
როგორც ”ფორტუნას” პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული შედეგებით, რომელიც 2014-2016 წლების სტატისტიკურ რანჟირებას ემყარება, „იფქლი“ ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით, საქართველოსა და თბილისის საწარმოებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, ხოლო პურ-ფუნთუშეულის დარგში – ლიდერი.
„მოხარულები ვართ, რომ სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა დარგში ჩვენი ლიდერობა გამოკვეთა და ამისათვის საპატიო ტიტულიც მივიღეთ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ზრდასა და განვითარებაზე. ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი შრომა არამხოლოდ ერთგული მომხმარებლების მხრიდან ფასდება, არამედ მიღწეული წარმატებებისთვის ჯილდოსაც ვიღებთ,“ – განაცხადა ”იფქლის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბაქარ ბაკურაძემ.
მისივე ინფორმაციით, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა „იფქლის“ მთავარ ტექნოლოგს, გელა კოდალაშვილს, საქართველოში ხაშზე ცხობის ტექნოლოგიის დანერგვისთვისა და ცხობის სისტემის გაუმჯობესებისათვის, წლის სპეციალისტის სერტიფიკატი გადასცა.
ცნობისთვის, ”იფქლი” ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს პურ-ფუნთუშეულს.