LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პურის ფასი ბოლო პერიოდში არ შეცვლილა… ძირითადი მომწოდებელი, რა თქმა უნდა, რუსეთია” – პურის მრეწველთა კავშირი

139
პური-ძვირდება

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურის ფასის საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პურპროდუქტეულის საფასური ყველაზე დაბალია.

“მინდა გითხრათ, რომ ფასი, როგორც ვწინასწარმეტყველებდით, ნამდვილად შენარჩუნებულია და სხვა პროდუქტების საფასურისგან განსხვავებით, ის ბოლო პერიოდში არ შეცვლილა, ძირითადად დაახლოებით 1.5 ლარის ფარგლებშია, რაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ბევრად დაბალი ფასია. ამჟამად საქართველოში 50 კილოგრიამიანი ტომარა ფქვილის ფასი, როგორც ადგილზე წარმოებულის, ისე იმპორტირებულის, 70 ლარია, რაც მწარმოებლებს ფასის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს“, – ამის შესახებ მალხაზ დოლიძემ “მთავარის” პრესკლუბში განაცხადა.

დოლიძე ამბობს, რომ საქართველოს ამჟამად ხორბლის და ფქვილის 3 თვიანი მარაგი აქვს, რომლის ძირითადი ნაწილიც რუსეთიდან შემოდის.

„სასურსათო უსაფრთხოება ქვეყანაში მარაგების შექმნას ნიშნავს, ამაზე ევროპამაც იმსჯელა და თქვეს, რომ ბიზნეს ოპერატორებმა ქვეყნებში სასურსათო სუვერენიტეტი უნდა შექმნან. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის 3 თვიანი მარაგი გვაქვს და დღესაც, ბათუმში და ფოთში შემოსულია გემები, რომლებიც ქვეყანას ხორბალს სთავაზობენ, მისი საშუალო ფასი 350 დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით, როცა ფასი 550 დოლარზე იყო ასული, ბევრად ხელმისაწვდომია.

ძირითადი მომწოდებელი რა თქმა უნდა, რუსეთია. რუსეთიდან ძალიან ბევრ ქვეყანას გააქვს ხორბალი, რადგან წელს 150 მილიონი ტონა მოსავალი მიიღეს, რომელიც, რა თქმა უნდა, რეალიზაციაში უნდა წავიდეს, რადგან თვითონ რუსეთს წლიური მოხმარება მაქსიმუმ 40 მილიონი ტონა სჭირდება“, – განმარტავს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე.

მალხაზ დოლიძე მედიასთან ასევე აცხადებს, რომ წელს ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც, ხორბლის წარმოება საგრძნობლად გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები