LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი მსოფლიოსთვის რაღაც საშინელი მოვლენაა, არანორმალური ვინმეა, საიდან მოვიდა, სად გაიზარდა: იმედა კახიანი

197
Untitled design (1)

“პუტინი მხოლოდ რუსეთისთვის კი არა, მსოფლიოსთვის რაღაც საშინელი მოვლენაა, არანორმალური ვინმეა, საიდან მოვიდა, სად გაიზარდა”, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივრცეში” მსახიობმა იმედა კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ვერ წარმოედგინა, რომ პუტინის თავხედობა და ბოროტება აქამდე მივიდოდა. კახიანმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა გულგრილად უყუროს იმას, რაც უკრაინაში ხდება:

“ნეტავ არ მოვსწრებოდი და არ მენახა ის, რაც დღეს ხდება – საშინელებას ვუყურებთ, არ შემიძლია, პატარა ბავშვს რომ ვხედავ დასისხლიანებულს და გაუბედურებულს, ამაზე ცუდი და საშინელება რა უნდა ვნახო?

ამას როგორ შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა გულგრილად უყუროს.

როგორც მე ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ ზღვრამდე მივიდოდა პუტინის თავხედობა თუ ბოროტება, ალბათ მათაც (რუს ხელოვანებს) ვერ წარმოედგინათ რუსეთში. რასაც ხედავენ, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ამას უყუროს და ხმა არ ამოიღოს, ამას აკეთებს რუსი ხელოვანი და ამას აკეთებს ყველა ნორმალური ადამიანი მსოფლიოში.

არ ვიცი, პუტინზე საერთოდ რა იმოქმედებს და რა მოქმედებს, არ მიმაჩნია ნორმალურ ადამიანად იმის შემდეგ, რასაც ის აკეთებს. არ ვიცი, რა იმოქმედებს, მაგრამ ისიც ვიცი, ხელოვანი, რუსი იქნება თუ ქართველი, ვინც უნდა იყოს, ამას როგორ აიტანს? ამ საშინელებას როგორ შეეგუება? მე არ მინდა რუსეთის გინება, რუსეთს და პუტინს ნუ გავაიგივებთ. ჩემთვის ეს ერთი და იგივე არ არის.

პუტინი რაღაც საშინელი მოვლენაა მსოფლიოსთვის, მხოლოდ რუსეთისთვის კი არა, არანორმალური ვინმეა. საიდან მოვიდა, სად გაიზარდა. როგორ უყურებს ქვეყანას და მსოფლიოს. ეს არ არის რუსი ხალხის ტიპური წარმომადგენელი და იმ დიდი თვისებების მატარებელი, რაც ამ დიდ ხალხს გააჩნია.

ამიტომ, პუტინის გამო მთელი რუსეთის გინება, მე მთლად სწორად არ მიმაჩნია და არც უნდა იყოს ასე.

პუტინი სხვა ვინმეა, პუტინი არის ჩემი მტერი და რუსეთის მტერიც, ყველას მტერია. პუტინი გვებრძვის ყველას, ამიტომ ჩვენც უნდა ვებრძოლოთ პუტინს, მარტო ეკონომიკური სანქციებით კი არა, რაც შეიძლება ყველანაირად, ყველგან ყველა ერთად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა კახიანმა გადაცემაში “თავისუფალ სივრცე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები