LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინს 3 ძირითადი არასწორი გათვლა ჰქონდა, ეს ომი აჩქარებს იმპერიის ნგრევის პროცესს” – რას წერს ზურაბ ბატიაშვილი

227
Untitled design (2)

“რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ომი უდიდეს ცვლილებებს მოიტანს მთელი მსოფლიოსთვის და, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

ბატიაშვილი რუსეთის გარდაუვალ მარცხზე საუბრობს და იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებამდე ვერ გათვალა:

“რა ვერ გათვალა პუტინმა?

ჩემი აზრით, პუტინს 3 ძირითადი არასწორი გათვლა ჰქონდა, რამაც ლოგიკურად რუსეთის ახლანდელ მდგომარეობაში ჩავარდნა გამოიწვია:

1) ვერ გათვალა უკრაინელი ხალხისა და არმიის წინააღმდეგობის ძალა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მილიარდობით დოლარი დახარჯეს (ზოგიც, უბრალოდ მკვდარ სულებზე გააფორმეს და ჯიბეში ჩაიდეს) უკრაინაში ხალხის მოსყიდვაზე, მაგ საქმისგან მაინც არაფერი გამოვიდა. რაც უნდა ფული ხარჯო, მთელ ხალხს და არმიას მაინც ვერ მოისყიდი. შესაბამისად, ყვავილებით არავინ დახვდა და 3 დღეზე გათვლილი შეჭრა უვადო ომში გადაიზარდა;

2) ვერ გათვალა საკუთარი არმიის შესაძლებლობები.

მიუხედავად კოლოსალური თანხის ხარჯვისა, რუსი ჯარისკაცი (მცირედი გამონაკლისი ელიტარული ნაწილების გარდა. მაგრამ ეს მომზადებული სადესანტო ნაწილებიც პირველივე დღეებში დაკარგეს) ისეთივე ჩაუცმელი, მშიერი და ომისთვის მოუმზადებელია, როგორიც ბოლშევიკების მმართველობის პირველ წლებში იყო. აქაც ჩამომპალმა კორუფციულმა სისტემამ შეჭამა ათეულობით მილიარდი დოლარი;

3) ვერ გათვალა დასავლეთის რეაქცია.

(მიუხედავად იმისა, რომ იქაც დიდი ფული ხარჯა) და ერთიანი პასუხი, რომელიც ძალზედ მალე მოეგო გონს და მათ შორის სერიოზული სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას, ხოლო რუსეთი სანქციებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად კედელთან მიაყენა. შედეგად, რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური კრახის პირას მივა.

ბუნებრივია, ასე ემართება ყველას, ვინც დიდი ხნითაა ხელისუფლებაში და ვეღარ აღიქვამს რეალობას.

როგორც ყველა დიქტატორი, ისიც საკუთარი პროპაგანდის ტყვეობაშიც მოექცა – გავიხსენოთ მისი წერილი რუსებისა და უკრაინელების “ერთიანობის” შესახებ, გაუთავებელი მითები და პროპაგანდა რუსული არმიის უძლეველობის შესახებ, ასევე დასავლეთის “გარყვნილებისა” და “ცვედანობის” შესახებ და ეს სისულელეები იმდენი ხანი იძახეს, რომ, პირველ რიგში, თავად დაიჯერეს.

თან დარწმუნებული ვარ, პუტინს ძირითადად იმას მოახსენებდნენ, რისი მოსმენაც მას სურდა.

მოკლედ, ისეთი არაფერი მომხდარა მის თავს, რაც სხვა დიქტატორებს არ დამართიათ. უბრალოდ, სხვა მასშტაბებია.

პუტინის ამ არასწორმა გათვლებმა გამოიწვია ეს საშინელი ომი უკრაინასთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ისევ ეს ომი აჩქარებს იმპერიის ნგრევის პროცესს. აქედანვე ცხადია, რომ ეს ომი უდიდეს ცვლილებებს მოიტანს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვისაც”, – წერს ბატიაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g