ახალი თანამშრომელი მეორე სამუშაო დღესვე დაითხოვეს – ყველაფრის მიზეზი ყავისადმი სიყვარული გახდა. ამის შესახებ Reddit-ზე ანონიმურად მისი კოლეგა წერს.
პოსტის ავტორის თქმით, პირველ დღეს ახალ თანამშრომელზე უარყოფითი შთაბეჭდილება არავის შეჰქმნია. დღის მეორე ნახევარში ქალი ლანჩის მისართმევად დასასვენებელ ოთახში გავიდა და ყავის აპარატთან ორი დიდი შეკვრა დაფქული ყავა შეამჩნია. მან იკითხა, თუ ვისი იყო ეს ყავა. კოლეგებმა აუხსნეს, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელს შეეძლო მისი გამოყენება – ყავით მათ ოფისი უფასოდ ამარაგებდა.
თუმცა, სამუშაო დღის ბოლოს თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ყავის ორივე შეკვრა გაუჩინარდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ქალმა ისინი უბრალოდ სახლში წაიღო. პოსტის ავტორი ვარაუდობს, რომ ახალბედამ ეს ბოროტი განზრახვის გარეშე გააკეთა – შესაძლოა, კოლეგების პასუხი არასწორად გაიგო.
მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ის უფროსმა ოფისში დაიბარა და სამსახურიდან გაათავისუფლა.