ქალმა, რომელმაც „ზარას“ კაბაში ჩაკერებული მკვდარი თაგვი აღმოაჩინა, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.
24 წლის კეილი ფიზელი მანჰეტენზე ცხოვრობს. მან „ზარას“ მაღაზიაში ორი კაბა ივლისში იყიდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ 40 დოლარად შეძენილი შავი კაბა სამსახურში ჩაიცვა და საშინელი სუნი იგრძნო. კეილიმ სამუშაო მაგიდა დატოვა და შენობის გარეთ გავიდა, თუმცა სუნი კაბას მაინც არ მოშორდა.
„ვგრძნობდი, რომ ფეხთან რაღაცა მეხებოდა და როდესაც კაბა ამოვაბრუნე, მენახა, რა იყო ასეთი უხეში ნაკერთან, აღმოვაჩინე, რომ კაბაში თაგვი იყო ჩაკერებული. შიშისგან გავშეშდი, სრულიად პარალიზებული ვიყავი. შოკიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო, თვალებს არ ვუჯერებდი, რომ კაბაზე თაგვი იყო დაკერებული,“ – ამბობს ფიზელი.
სარჩელში ნათქვამია, რომ 24 წლის გოგონას მთელ სხეულზე გამონაყარი გაუჩნდა და ექიმების დიაგნოზით, გამონაყარი ემოციურმა სტრესმა გამოიწვია.
„ზარას“ წარმომადგენელი აშშ-ში აცხადებს, რომ კომპანია მომხდარს იძიებს.