LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებისთვის მამაკაცი არ სჭირდება გვერდით…“ – ემა ტუხიაშვილი ცხოვრების მძიმე ეტაპსა და შიშებზე

182
ემა ტუხიაშვილი

ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა „თბილისელებთან“ ინტერვიუში ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპებსა და უდიდეს შიშებზე ღიად ისაუბრა. მან მშობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე, ორ შვილთან ერთად უსახლკაროდ დარჩენის პერიოდსა და იმ გამოწვევებზე უამბო მკითხველს, რომელთა გადალახვაც მარტოხელა დედის ამპლუაში მოუწია.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ყველაზე დიდი ტკივილი და შიში როდის განიცადეთ?

ერთი წლის შუალედში დავკარგე ორივე მშობელი. გულწრფელი ვარ და ჩემმა ახლობლებმაც იციან, რომ დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მამას უფრო ვგავარ. ორივეს წასვლა მოულოდნელი იყო, მაგრამ დედის – მაინც სრულიად წარმოუდგენელი. ეს ჩემთვის სრულიად შოკური მდგომარეობა იყო. გვიან გავაცნობიერე, რომ ამან ფიზიკურ დონეზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც მომიტანა. დაახლოებით, ერთ წელიწადში დაიწყო ეს ყველაფერი და დღემდე ვებრძვი უკვე ქრონიკულად ქცეულ პრობლემებს.

რაც შეეხება შიშს – მეშინოდა მარტო დარჩენის. მამაკაცის გარეშე დარჩენას არ ვგულისხმობ – ახლა, ამ გადმოსახედიდან, ეგ სისულელედ მიმაჩნია. 3-4 წლის წინ შეიძლება, სხვა პასუხი გამეცა. დღეს მგონია, რომ ქალს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებისთვის მამაკაცი არ სჭირდება გვერდით. ამის გამო არ შემშინებია, მაგრამ შემეშინდა მაშინ, როცა ორი შვილით აბსოლუტურად მარტო, უსახლკაროდ დავრჩი. საერთოდ არაფერი გამაჩნდა. სამი წელი ქირით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვიცხოვრე. ჩემი გოგონასი უზომოდ მადლიერი ვარ – თითქოს ძალიან მალე გაიზარდა და გვერდით დამიდგა. განსაკუთრებით რთულია პასუხისმგებლობის აღება ვაჟზე, რომ მისგან კარგი ადამიანი აღზარდო ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში; რომ დაიცვა ის ჩვენ გარშემო არსებული საფრთხეებისგან და ამის გამო, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ყველაფერი კარგად გამოვიდა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალის „თბილისელები“ N33 ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები