დალი ჩიტალაძეს ახალი გამოწვევა აქვს, მან პენიტენციურ სამსახურში დაიწყო მუშაობა. კვირაში ორჯერ უწევს მისვლა და მსჯავრდებულ ქალებთან ერთად იმ პროექტზე მუშაობა, რომლის ჩვენებაც დეკემბრის თვეშია დაგეგმილი. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
დალი ჩიტალაძე:
ახალი დიდი პროექტი დავიწყე და ძალიან ვღელავ, რადგან ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში ვაკეთებ იმას, რაც მე მიხარია და მომწონს. თუმცა, კიდევ ვამბობ, ჩემთვის უჩვეულო ამპლუაში. ეს არის პენიტენციური სამსახური, სადაც ქალთა ციხეში კეთდება კოლექცია ჩემი მენტორობით.
დღეს ციხეში გახსნილია უდიდესი სამკერვალო, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ფაბრიკა. პირველი ლედიც ჩაერთო ამ პროექტში, ასევე, ჩემი მეგობარი, კომპანია „დალოოდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა შუკვანი, გაუკეთეს ორგანიზება და ძალიან კარგი ქსოვილები გვაჩუქეს. მოკლედ, ბევრი ადამიანია ჩართული და უკვე დავიწყეთ მუშაობა.
მასშტაბურ ჩვენებას გეგმავთ, რომელსაც ის მსჯავრდებული ქალბატონებიც დაესწრებიან, ვინც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროცესში. სად აპირებთ ჩვენების მოწყობას და როდის?
– დეკემბრის თვეში გვექნება ძალიან დიდი შოუ. ჩვენება ჩატარდება ლამაზ გარემოში. მინდა, ზეიმი მოვუწყო ყველა იმ მსჯავრდებულ 15 ქალბატონს, რომლებიც კოლექციას კერავენ. სხვათა შორის, იმ სამკერვალოში ვინც მუშაობს, მთელი პენიტენციური სისტემისთვის კერავენ საბნებს, ბალიშებს, თეთრეულს და ამაში იღებენ ხელფასს. ძალიან მომწონს ასეთი მიდგომა მსჯავრდებულების მიმართ და ჩემი პროექტიც სწორედ ამას ემსახურება, რომ მოხდეს ყველა იმ ადამიანის რესოციალიზაცია, ვინც იქ, სამკერვალოში მუშაობს. თან, როცა შრომობ, შემოქმედებით პროცესში დრო სწრაფად გადის. მე რასაც ვხედავ, ძალიან კარგი პირობებია და ვისაც სურვილი აქვს, ბევრ პროფესიას სწავლობენ, ეს ნებაყოფლობითია. ჩემთან მომუშავე მსჯავრდებული ქალების 80 პროცენტს, გადაწყვეტილი აქვს, როცა ციხიდან გავა, პროფესიად მკერავობა დაიტოვოს. დამერწმუნეთ, ეს პროფესია ძალიან მოთხოვნადია. დღეს სამკერვალო სალონის გახსნა რომ მოგინდეს, დამიჯერეთ, ძალიან ჭირს მკერავიც და მკერავ-კონსტრუქტორიც. ძალიან დასაფასებელი პროფესიაა და ძალიან დეფიციტური.
