LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალთა შორის “ფიგურული სლალომი” ანუკა ნაკაშიძემ მოიგო: რატომ არ უნდა იყოს ეს სპორტი ქალებისთვის საქართველოშიც?

172
462540832_1081145693554784_3330140651269514438_n

საქართველოს ქალთა ავტოსპოეტის ფედერაციას 14 წელი უსრულდება. ამ წლების განმავლობაში ნულიდან დაიწყეს გოგოებმა ავტოსპორტში ძალების მოსინჯვა და არაერთი შეჯიბრი თუ საავტომობილო ღონისძიება გამართეს. წელს პირველად ჩატარდა საქართველოს ავტომოყვარულ ქალთა შორის ჩემპიონატი “ფიგურული სლალომის” სახეობაში. ფინალური შეჯიბრი თელავში გაიმართა, სადაც თელაველმა ქალბატონებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის მეგი მეტრეველი და მავრა ნარსიძე საჭის ფლობის ოსტატობით აშკარად გამოირჩეოდნენ. საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი მეგი მეტრეველი გახდა. მეორე ადგილი მავრა ნარსიძემ დაიკავა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატის ფიგურული სლალომის მანძილის დაფარვა 19 წამში ანუკა ნაკაშიძემ პროფესიონალურად გაიარა და პირველი ადგილი დაიკავა.

ანუკა გილოცავთ გამარჯვებას და კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. პირველი რაც აუცილებლად უნდა გკითხოთ, ფიგურული სლალომი რა სახეობაა?

უდიდესი მადლობა. მივესალმები თქვენს მსმენელს და ვუსურვებ უსაფრთხო გადაადგილებას. რაც შეეხება კითხვას, მარტივად რომ ავუხსნათ მსმენელს, მართვის მოწმობას რომ იღებენ, დადიან მოედანზე, დაახლოებით იგივე სქემით იგება ფიგურა და შემდეგ გართულებები გვაქვს. არსებობს ჩქაროსნული სლალომი, სადაც სიჩქარეც მნიშვნელოვანია, დროც და მანევრიც. არსებობს ასევე შედარებით სამოყვარულო სლალომი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.

რაც ჩატარდა ეს იყო სამოყვარულო?

დიახ, ჩვენი სლალომი იყო სამოყვარულო და საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ქალბატონს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ღია ვიყავით ჩვენ ამისთვის. გვქონდა რამდენიმე ეტაპი.

დავაზუსტოთ, თუ როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მიღება.

ავტომოყვარულ გოგონებს, ვისაც უნდა თავისი ძალების მოსინჯვა. ძალიან მარტივად შეუძლიათ Facebook-ში ჩვენი მოძებნა, უნდა ჩაწერონ „საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“ და მესინჯერში პირდაპირ მოიწერონ, რომ სურთ გაწევრიანება. ჩვენს გვერდზე არის უამრავი ფოტო-ვიდეო მასალა, საკმაოდ დიდი ისტორია გვაქვს, უკვე 14 წელი გვისრულდება.

ნამდვილად საოცარი გამოცდილებაა და დიდი სიამოვნებით მივიღებდი მეც მონაწილეობას. რას იტყვით, რთული იყო?

რომ გითხრათ, რომ რთული არ იყო, მოგატყუებთ. მონაწილესთან ერთად ორგანიზატორიც ვიყავი, ამიტომ მქონდა უამრავი საქმე. ტრასა არ მინახავს, რადგან მონაწილეებს ამის უფლება არ აქვთ, შესაბამისად ძალიან ვღელავდი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტებიც მყავდა.

რამდენ ხანში დაფარეთ განსაზღვრული მანძილი?

18 წამში დავფარე მანძილი, რომელიც იყო მოცემული. ყველაზე დიდი დრო აჩვენეს 27 და 26 წამი.

რატომ ჩატარდა შეჯიბრი თელავში?

თელავში 2018 წლიდან დავდივართ და ვმართავთ რბოლებს. იქ არის ძალიან კარგი მოედანი, სპორტის სასახლის ტერიტორიაზე და ძალიან ხელს გვიწყობენ. შემოგვიერთდნენ თელაველი გოგონებიც, მაგალითად მეგი მეტრეველი, მავრა ნარსიძე, ანნა ბათურიშვილი, რომლებმაც დიდი ოსტატობა გამოავლინეს. 2025 წელს კარგი იქნება სხვა მუნიციპალიტეტების ჩართვაც.

ანუ, 2025 წლისთვის ამ ღონისძიების ჩატარება აუცილებლად დაგეგმილია და რამდენიმე ხნით ადრე შეავსონ მსურველებმა განაცხადი?

ჩვენი შეჯიბრებების კალენდარი დეკემბერში უკვე გაწერილი იქნება. სპონსორების პოვნა დამოუკიდებლად გვიწევს, ამის გამო ზოგჯერ თარიღები იცვლება, თუმცა 2 კვირით ადრე მაინც დავდებთ ბანერს და ყველა თარიღს დავწერთ.

ანუკა ამ კამპანიის მთავარი მესიჯი რა არის?

ეს 14-წლიანი შრომა კამპანიაზე მეტად არის უდიდესი საქმე, რათა ქალბატონები იყვნენ ავტოსპორტში. გვაქვს ასევე ლექცია-სემინარები მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, რომელიც ზურაბ ბეჟაშვილთან, დამსახურებულ მრბოლელთან ერთად შევქმენი. დავდივართ რეგიონებში და ახალგაზრდებს ვუკითხავთ ლექციებს, თვალსაჩინოებისთვის ჩაგვყავს სპორტული ავტომობილები. რაც შეეხება კამპანიებს, ღვედების დაკანონებაში დიდი წვლილი სწორედ ჩვენს ფედერაციას მიუძღვის.

საინტერესოა რა ავტომობილით გადაადგილდებით თქვენ თავად?

“მერსედესი” არის ჩემი საყვარელი ფირმა, მაგრამ დავდივარ 22 წლის ავტომობილით რომელიც სამწუხაროდ, ახლაც შესაკეთებლად მყავს დატოვებული. საკმაოდ ძველი ავტომობილია, იყოს ბევრი დაპირებები თუმცა ჯერჯერობით ისევ ამ ავტომობილით დავდივარ. კარგი იქნებოდა ჩემპიონს ჰყოლოდა ავტომობილი, რომელიც გზაზე პრობლემებს არ შექმნიდა.
“ავტორადიოს” მინდა ვუთხრა დიდი მადლობა ოპერატიულობისთვის, ყურადღებისთვის და იმ გოგოებს მინდა მივულოცო, რომლებიც მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ. ვფიქრობ, რომ მეტი და მეტი ქალი ჩაერთვება ავტოსპორტში, მე-14 წელია ფარ-ხმალს არ ვყრი, თუკი არსებობს ამერიკაში, ევროპაში, იაპონიაში, რატომ არ უნდა იყოს ეს სპორტი ქალებისთვის საქართველოში. იმედია, რომ ჩვენს ავტოპარკსაც გამოვასწორებთ.
დაბოლოს, ყველა სპონსორს, ვინც მხარი დაგვიჭირა, მინდა თქვენი ეთერის საშუალებით დიდი მადლობა ვუთხრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები