ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება, – ამის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აანონსებს, რომელიც ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ინვესტორებს იწვევს.
ფონდის ინფორმაციით, შერჩეულ ტერიტორიაზე წინასწარი კვლევა უკვე ჩატარებულია, წინადადებების წარდგენისთვის კი ინვესტორებს 18 იანვრიდან 1 თვიანი ვადა ექნებათ. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათისა.
რაც შეეხება სიმძლავრეს, არსებული ინფორმაციით, ზესტაფონში დაგეგმილია 150 მეგავატი სიმძლავრის სადგურის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 227 მილიონი დოლარია.
შეგახსენებთ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლის შემოდგომიდან უკვე ფუნქციონირებს. ის გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროექტი საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის” და ”საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა.
ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნკვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.