„ქართული ოცნება“ თავისუფალ უკრაინას არ გულშემატკივრობს, პირიქით, გულშემატკივრობს, როგორმე რუსეთმა გაიმარჯვოს და მიიღოს დამონებული, მუხლებზე დაყენებული ბელარუსის მსგავსი უკრაინა – ჩვენმა სახელმწიფომ სამწუხაროდ, საზოგადოებისგან განსხვავებით, სხვა სამეგობრო აირჩია და ისტორიის ბნელ მხარეს, ბელარუსთან და რუსეთთან ერთად დადგა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განცხადა.
მისი შეფასებით, ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, კოორდინირებულია იმ ბნელ ძალასთან, რომელსაც ახლა კრემლი და მოსკოვი წარმოადგენს.
ამასთან, პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ამით უკვე ღიად ესაუბრებიან მხოლოდ თავის ამომრჩევლებს და ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოება რაც შეიძლება მეტად გაიხლიჩოს.
„ვის გულშემატკივრობს „ქართული ოცნება“? რომლის მხარეს არის? ვისი გამარჯვება უნდა? ზელენსკის თუ პუტინის რუსეთის? უნდა, რომ უკრაინა გახდეს მართლა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა, თუ ბელარუსიზაცია მოხდეს? – აი, ამ შეკითხვებზე, ხომ ყველამ ვიცით პასუხი, აქედან გამოდის მთელი ის უბედურება, რასაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. ამ ბრძოლაში პუტინს რომ გულშემატკივრობენ და ზელენსკი რომ „ნაციონალია“ და მისი გუნდი ჩვენს მითითებებს ასრულებს, ამ სისულელეებს რომ საუბრობენ, ეს უბედურება მოდის იქიდან, რომ ისინი თავისუფალ უკრაინას არ გულშემატკივრობენ, პირიქით, გულშემატკივრობენ, რომ როგორმე რუსეთმა გაიმარჯვოს სწრაფად და მიიღოს დამონებული, მუხლებზე დაყენებული ბელარუსის მსგავსი უკრაინა. მეორე პრობლემა: როდესაც ლაპარაკობენ, რომ „ნაციონალები“ ამის უკან დგანან, იმის უკან დგანან – ამით უკვე ღიად ესაუბრებიან მხოლოდ თავის ამომრჩევლებს და არა, მთელ მოსახლეობას. ისინი ამით კომუნიკაციას ახდენენ მხოლოდ თავის ამომრჩევლებთან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გაიხლიჩოს საზოგადოება და რაც შეიძლება მეტი პოლარიზაცია იყოს.
ჩვენმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ, საზოგადოებისგან განსხვავებით სხვა სამეგობრო აირჩია და ისტორიის ბნელ მხარეს, ბელარუსთან და რუსეთთან ერთად დადგა. როდესაც ათობით ათასი ახალგაზრდა გამოდის ქუჩაში და შენს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს იმისკენ, რომ სახელმწიფომ ღირსეული პოზიცია დაიკავოს და ამ დროს, იმავე დღეს ვისმენთ კრემლის მთავარი პროპაგანდისტების მხრიდან ჩვენი პრემიერ-მინისტრის ქება-დიდებას და იმის ძახილს, რომ „აი, ხედავთ საქართველო გამოჯანმრთელებულაო“, ამ დონის შეურაცხყოფას გაყენებენ და ამის იქით, ხომ ცხადია, რომ ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დგამს კოორდინირებულია იმ ბნელ ძალასთან, რომელსაც ახლა კრემლი და მოსკოვი წარმოადგენს. ამას თავისი შედეგები ექნება. მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს ომი და სამშვიდობო ზავი დაიდება, ხომ შემოგიბრუნდებიან და გკითხავენ, სად იდექი, ვის მხარეს იყავიო?! შემოგიტრიალდება როგორც უკრაინა, ისე დასავლეთი“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რომ გაეშვა, შესაძლოა, დღეს უკრაინას „დახურული ცა“ ჰქონოდა.
„ქართულ ოცნებას“ შეეძლო, რომ მიხეილ სააკაშვილი გაეშვა ბრძოლის ველზე, სადაც მართლა გამოადგებოდა უკრაინას, მისი კავშირები, სატელევიზიო ჩართვები, ისეთ ზეგავლენას მოახდენდა მსოფლიო პროცესებზე, რომ დღეს შეიძლება მართლა ჰქონოდა უკრაინას „დახურული ცა“, მაგრამ არ უშვებენ“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.