პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის, შეასრულოს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის პუნქტები.
ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ დღეს, პარლამენტის სესიაზე განაცხადა და ოპოზიციას მოუწოდა, დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობასა და თანამშრომლობას შეუწყოს ხელი:
“ქართული ოცნება” სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები. ჩვენ მზად ვართ, ღია, ინკლუზიურ და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურებზე დავიწყოთ მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მსგავსი, შიდა, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებაა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაპირისპირების ნაცვლად ეროვნულ თანხმობასა და თანამშრომლობას შეუწყოს ხელი.” – თქვა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები პარლამენტში მივიდნენ. ოპოზიცია დღეს პირველად იკავებს საპარლამენტო ტრიბუნებს. დღესვე, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდება.
შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს – “საქართველოს წინსვლის გზა” პარტიების წარმომადგენლებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი.