„მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შემუშავებულ დოკუმენტებსაც წყვეტს,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
მისი შეფასებით, ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია ანალიზი. როგორც გახარიამ თქვა, ფაქტია, რომ ეს ხელშეკრულება, ყველაფერთან ერთად, შედგებოდა რამდენიმე პრინციპული კომპონენტისგან: პირველი – სასამართლოს ნაწილი და ეს ხელისუფლებამ სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა, გააგრძელა ქმედება და მეორე – 43%-იანი ზღვარი.
„ჩემთვის პერსონალურად ეს არის შიშის გამოხატულება. აშკარა ხდება, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა. ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების განწყობებსა და გადაწყვეტილებებში,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. სინამდვილეში კი, როგორც ეს ყოფილმა პრემიერმა თქვა, აქ დღეებზეა საუბარი, რადგან ეს არ არის გრძელვადიანი პერსპექტივა.
„ფაქტობრივად სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე, მეოთხე ფლანგზე. წინ არის პარტიული ინტერესები წამოწეული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება, დანარჩენი ყველაფერი გადასაწყვეტია ჩვენი მოქალაქეების მიერ.
მათი არჩევანი იქნება განმსაზღვრელი, მაგრამ ყველზე ცუდი რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს მმართველი ძალა და რას აკეთებს, უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტებსაც აღარ ითვალისწინებენ. ეს შიშისგან მოდის“, – განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე: შეწყვეტდა თუ არა მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, გახარიამ უპასუხა, “დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, ბოსების გაბედულობაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა”
„ამ ხალხს გამბედაობის სერიოზული პრობლემა აქვს“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტი ე.წ. 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.