„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი, ბექა ვაჭარაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვაჭარაძის თქმით, „მთავარ არხზე“ მისი აგენტობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანისთვის 55 555 ლარის ანაზღაურებას ითხოვს.
„შევიტანეთ სარჩელი ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვას. საქმე ეხება „მთავარ არხზე“ გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას ჩემი აგენტობის შესახებ.
ვითხოვთ, იმავე გადაცემაში მოხდეს ამ ინფორმაციის უარყოფა და ასევე, მორალური ზიანისთვის ვითხოვთ 55 555 ლარის ანაზღაურებას, რომელიც გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს. ვიცით, რომ სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც გაჟღერდა მსგავსი ინფორმაცია, რაც საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.