„აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო 9 პროცენტი.
მთავრობის მეთაურის განცხადებითვე, საქსტატმა ასევე გამოაქვეყნა სიღარიბის განახლებული მონაცემები 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე არის 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები.
„აქაც გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქე.
ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი.
წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ათიათასობით ჩვენი მოქალაქე დაძლევს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანმიმდევრული წინსვლა ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.