LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული პროდუქცია EFTA-ს წევრი ქვეყნების 14 მილიონიან ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შევა

49

ქართული პროდუქცია EFTA-ს წევრი ქვეყნების 14 მილიონიან ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძისა და EFTA-ს დელეგაციის ხელმძღვანელ ჟან ფარბერგის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

გენადი არველაძის ინფორმაციით, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.

”ქართველ მწარმოებლებისთვის იხსნება მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას EFTA-ს ქვეყნებთან, რომ სამრეწველო პროდუქცია სრულად განთავისუფლებულია ტარიფებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე ყველანაირი სამრეწველო პროდუქცია ამ ქვეყნებში დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ეს ქვეყნები ამ კუთხით მგრძნობიარეა, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციაზე ჩვენი ტარიფები ნულია. გარკვეულ პროდუქციაზე კი ტარიფები თითქმის განახევრებული და მინიმუმამდე დაყვანილია”, – განმარტა გენადი არველაძემ.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის, რომელშიც შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი შედის, მიმდინარე წლის 27 ივნისს შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი, რის შემდეგაც აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა.

EFTA-ს წევრი სახელმწიფოები საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციის იმპორტს აწარმოებენ, როგორიცაა მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული, თხილი, კაკალი, კენკროვანი ხილი, სანელებლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები.

magti 5g