ხაჭაპური, ქათმის ჩქმერული, აჯაფსანდალი… ეს იმ კერძების მცირე ჩამონათვალია, რომელთა დაგემოვნებაც ნიუ-იორკში, ქართულ საოჯახო რესტორანში შეგიძლიათ.
ბრუკლინში მდებარე პატარა ქართული რესტორანი, სახელწოდებით “Cheesboat”, დებ დავითაშვილებსა და მათ დედას, ქეთი დავითაშვილს ეკუთვნით. ეს ოჯახი ნიუ-იორკელებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალებას აძლევს.
რესტორანი კარანტინამდე გახსნეს და ძალიან მალე დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. ქართული კერძები ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ვიზიტორების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობდა. ოჯახმა გადაწყვიტა ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაში ამერიკელი მზარეულებიც ჩაერთოთ და კერძებში ამერიკული ნიუანსებიც დაემატებინათ. დღეს კი რესტორანში 20 სახეობის აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებაა შესაძლებელი.
სწორედ ამ წარმატების პერიოდში ნიუ-იორკი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, კორონვირუსულმა პანდემიამ მოიცვა. დავითაშვილების ოჯახმა გადაწყვიტა კარანტინის პერიოდში მუშაობა არ შეეწყვიტათ და მთლიანად ქველმოქმედებაზე გადართულიყვნენ.
“მუშაობა არც ერთი დღით არ შეგვიწყვეტია, კერძები გავაიაფეთ, რათა უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო, აღარ ვმუშაობთ მოგებაზე,”- აცხადებს მარიამ დავითაშვილი.
“ჩვენს თანამშრომლებზეც ვზრუნავთ, ისინი აღარ მოდიან სამსახურში, მაგრამ ხელფასს ვუხდით, ვაწვდით საკვებს. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ადამიანებმა დაკარგეს სამსახური და ამ რთულ პერიოდში ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ,”- აცხადებს ქეთი დავითაშვილი.
მარიამ დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ამ რთულ პერიოდში კერძებს ადგილობრივი ექიმებისა და მეხანძრეებისთვის ამზადებენ და მათთან მიაქვთ.
“ჩვენ ვამზადებთ კერძებს ექიმებისა და მეხანძრეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი სოცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. მათ მიმართ მადლიერებას ასე გამოვხატავთ, როდესაც ექიმებთან მივდივართ, ძალიან უხარიათ, ანგელოზებს გვეძახიან და ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა,”- ამბობს მარიამი.