LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული საბჭოთა ხელმძღვანელობა, თურმე, გაოცებული აკვირდებოდა მათ”

166

ფეისბუქმომხმარებელი ნინო ჩიკვაიძე, სოციალურ ქსელში, მეცნიერებათა აკადემიის შენობის მშენებლობის შესახებ ისტორიას აქვეყნებს.

ისტორია, რომელიც მას ბაბუამ მოუყვა, გერმანელების საოცარ წესრიგზეა.

“გერმანელებზე, ორი სიტყვით!

ბებიაჩემის ძმამ, ახალგაზრდობაში, 1946-ში, რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობა დააპროექტა და პირადად ხელმძღვანელობდა მშენებლობას. როგორც თვითონ ყვებოდა, შენობა, საფუძვლიდანვე, გერმანელი ტყვეების ხელით აშენებულა. მგონი ამიტომაც ეძახდნენო__„შახსტროის“.

მოკლედ, გერმანელ ტყვეებს, იქამდე არ დაუწყიათ მუშაობა, სანამ სათავსოები არ შეუკრავთ, სანამ ყუთებში არ დაუფასოვებიათ ყველა ლურსმანი, იარაღი და ხელსაწყო, სანამ გასახდელები არ დაუდგავთ და ღობე არ შეუჭედავთ.

ბოლოს და ბოლოს მშენებლობა რომ დაუწყიათ, ყოველ სამუშაო დღეს, სანამ უკან, ყაზარმებში გარეკავდნენ, სამშენებლო მოედნის მოწესრიგებით და დასუფთავებით ამთავრებდნენო, არასოდეს არაფერი ეკარგებოდათ და არაფერი ავიწყდებოდათო.

„ქართული საბჭოთა ხელმძღვანელობა,“ თურმე, გაოცებული აკვირდებოდა მათ თვითორგანიზებულობას. სხვადასხვა პროფესიის ან სულაც გაუნათლებელი გერმანელი ტყვეები, თურმე არც მოსაწევად და არანაირი სხვა მიზეზით არ ჩერდებოდნენ, სანამ შესვენებისთვის დაწესებული დრო არ მოვიდოდა, მაგრამ, როგორც კი შესვენების დრო დადგებოდა, ნახევრად მიჭედებულ ლურსმანს ბოლომდე არ ჩააჭედებდნენ, ისე წავიდოდნენ დასასვენებლადო. არ არსებობდა ძალა, რომელიც მათ შესვენების დროს მოაკლებდა, მაგრამ სამუშაო საათებშიც არასოდეს ფუქსავატობდნენო.

…ის უუფლებო, გასაცოდავებული, გერმანელი ტყვეები!

როგორ გამოგვადგებოდა მათი ეს პრინციპულობა და შრომისმოყვარეობა! ვერაფერი დაგვამარცხებდა! ავშენდებოდით!”, – წერს ნინო ჩიკვაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები