ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას განცხადებით, თვის ბოლოდან კერძო კომპანიების მოთხოვნით, ქართული საექსპორტო ღვინის შემოწმების პროცესში დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.
როგორც მეხუზლამ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საუბარია ისეთ აუდიტორებზე, როგორიცაა: შვეიცარიული SGS და ფრანგული Bureau Veritas.
„მეტი გამჭვირვალობისთვის კერძო კომპანიებისგან მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, შვეიცარიულ SGS-თან მოლაპარაკებები დასრულებული გვაქვს და ძალიან მალე ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ასევე, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება ფრანგულ Bureau Veritas-თან, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდება. საუბარია, რომ იქ, სადაც კომპანიების მოთხოვნით არის მეტი რისკები, რომ ქართული ღვინის ხარისხი გარკვეული მოთხოვნების გამო არ იყო სათანადო მაღალ დონეზე, ჩავრთოთ აუდიტში საერთაშორისო კომპანიები. ამ შემთხვევაში ეს იყო კერძო სექტორის, საკმაოდ დიდი ნაწილის, რჩევა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. მათ შორის, ყველაზე წარმომადგენლობითი ასოციაცია “ქართული ღვინო”, ასევე სხვა ასოციაციებთან. ზოგადად, ევროპულ პრაქტიკაში მიღებულია, რომ შემოწმების, აუდიტის ფუნქციები სახელმწიფოს აქვს დელეგირებული სპეციალიზებულ, გამოცდილ კომპანიებზე. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ცდა ჩვენი მხრიდან”,- განაცხადა ლევან მეხუზლამ.