„პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ქართველ ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კუბილიუმა ე.წ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონთან დაკავშირებით პოლიტიკური პროვოკაციები იყო და მომავალშიც იქნება:
„ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან კარგი შეხვედრა იყო. მათ, რა თქმა უნდა, ვკითხეთ, როგორ აფასებენ სიტუაციას და რა არის შემდგომი ნაბიჯები და გეგმები, რადგან ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების ნამდვილად ძლიერი სურვილი აქვს.
სამწუხაროდ, მთავრობა ინტეგრაციისთვის მთავარი დაბრკოლება ხდება.
ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი პროვოკაცია იქნება და პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
როგორ გააკეთებენ ამას, რა გამოვა მომავალი წლის არჩევნებიდან – ყველა საკითხი განვიხილეთ. ჩვენი ინტერესია,დავეხმაროთ ქართველ ხალხს მიაღწიონ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიზანს და ამიტომ ვიჩენთ დიდ ინტერესს, ვნახოთ, რომ ქართულ ოპოზიციას შეუძლია ევროკავშირისკენ ალტერნატიული, რეალური გზის შეთავაზება“, – განაცხადა კუბილიუსმა.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები სტრასბურგში, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.