LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველები იბრძვიან უკრაინისთვის, რადგან მათ ახსოვთ რუსული შეჭრა“ – The Times უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე სტატიას აქვეყნებს

169
ქართული ლეგიონი

„ქართველები იბრძვიან უკრაინისთვის, რადგან მათ ახსოვთ რუსული შეჭრა“, – ამ სათაურით უკრაინაში მიმდინარე ომში, ქართველი მებრძოლების როლზე სტატიას გამოცემა The Times აქვეყნებს.

როგორც Times წერს, უკრაინას ომში დაახლოებით 1 500 ქართველი ეხმარება. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველებს რუსებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ და რუსების სისასტიკე თვალსაჩინო იყო საქართველოშიც.

„15 წლის წინ აგვისტოს თვეში რუსი ჯარისკაცები მეზობელ საქართველოში შეიჭრნენ, რის შედეგადაც, კრემლმა შავი ზღვის სახელმწიფოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი დაიპყრო.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა, გასულ წელს, უკრაინაში ტანკების შეყვანა უბრძანა, დაახლოებით 1500 ბრძოლაში გამაგრებული ქართველი კიევს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ეხმარებოდა, როგორც ქართული ლეგიონის წევრები, სამხედრო ნაწილი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია ინტეგრირებული“, – წერს სტატიის ავტორი.

ამავე კონტექსტში ჟურნალისტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ლიდერს, მამუკა მამულაშვილს ახსენებს და წერს, რომ 45 წლის მებრძოლს, ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში აქვს გატარებული.

„საქართველოში ვნახეთ იგივე სისასტიკე, რაც ვნახეთ ბუჩაში, ირპინსა და უკრაინის სხვა ადგილებში. ბუნებრივია, რომ ქართველები აქ არიან. ჩვენმა ბევრმა ბიჭმა დაკარგა მამა და ოჯახის წევრი და არიან ლტოლვილები საკუთარ ქვეყნებში“, – ციტირებს მამულაშვილის სიტყვებს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ მამულაშვილმა ქართული ლეგიონი 2014 წელს, კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩამოაყალიბა და რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მებრძოლების რაოდენობა 200-იდან 2 100-მდე გაზარდა. ლეგიონს 60-ზე მეტი დაღუპული წევრი ჰყავს.

„ქართველი მებრძოლები შიშობენ, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის კვლავ გადაიტანს ყურადღებას მათ სამშობლოზე, რომელმაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა“. – აღნიშნულია სტატიაში.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები