გერმანიის შემდეგ კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ქართველების სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება იგეგმება საბერძნეთია. საქართველოს მთავრობა ბერძნულ მხარესთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. საკითხზე Forbes-კვირასთან ინტერვიუში საბერძნეთის ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ მხარეები პროგრამის საბოლოო პაკეტზე მიმდინარე წელს შეჯერდებიან.
„მე შევხვდი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას. მან ამიხსნა, რომ ყოვლისმომცველი გეგმა აქვს ამასთან დაკავშირებით. ეს იქნება თანამშრომლობის მემორანდუმის მაგვარი, იგივე პირობებით, რასაც გერმანიასთან მოეწერა ხელი. ახლა როგორც ვიცი, პირდაპირი კავშირი არსებობს – საბერძნეთის მთავრობასა და სამინისტროს შორის“, – აცხადებს საბერძნეთის ელჩი.
შეგახსენებთ, გერმანიაში დასაქმება საქართველოს 100 ათასამდე მოქალაქეს სურს. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება გრძელდება. გერმანული მხარისგან ამ ეტაპზე 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. აპრილის დასაწყისში კი, შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რიცხვი ცნობილი გახდება.
სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის.
სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
