LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები – პრემია „ელისოს“  ჟიურის „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“ წარადგენენ

438
ელისო

14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დაჯილდოებას უმასპინძლებს.

პრემია „ელისო“ წელს პირველად გაიმართება. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში დასახელდებიან: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ჟიური 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმებს განიხილავს. სამივე ნომინაციაში გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება.  

უკვე ცნობილია ჟიურიც, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება: რეჟისორი და პროდიუსერი ნინო ორჯონიკიძე, კასტინგის რეჟისორი დიქსი ჩესი, რეჟისორი/სცენარისტი ბაბაკ ჯალალი, მსახიობი/სცენარისტი თაკი მუმლაძე და რეჟისორი და ოპერატორი ტატო კოტეტიშვილი.

პრემია „ელისოს“ დაჯილდოებაზე საერთაშორისო ჟიურის წარმდგენია „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“.

დეა ზანგური, „თეგეტას“ ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ასეთი მასშტაბური კულტურული ღონისძიების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტს შთამბეჭდავი ჟიური ჰყავს და მიხარია, რომ თეგეტა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება „თეგეტა ქარსი“ სწორედ მათი წარმდგენები ვართ. საამაყოა, რომ ქართულ ნამუშევრებს კინემატოგრაფიის ასეთი ძლიერი პროფესიონალები შეაფასებენ. ეს ღონისძიება ნატო ვაჩნაძის ფონდის ინიციატივით გაიმართება და მჯერა, რომ ის მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის“.

ელლა კამლაძე, „თეგეტა ქარსის“  მარკეტინგის ხელმძღვანელი:თეგეტა ქარსისთვის“ დიდი პატივია ნატო ვაჩნაძის ფონდისა და პრემია „ელისოს“ მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში კინემატოგრაფიის განვითარებასა და ნიჭიერი ხელოვანების წარმოჩენას. ჟიურის საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი წევრების სახელები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული კინემატოგრაფიის ისტორიას, რომელიც ნატო ვაჩნაძის სახელს უკავშირდება, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო რუკაზე. მჯერა, ფონდის სახელით ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“.

კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამორჩეულია საკუთარი ნამუშევრებითა და კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილით. ჟიურის ერთ-ერთმა ქართველმა წევრმა, რეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ 2008 წელს ვანო არსენიშვილთან ერთად დააარსა დამოუკიდებელი კინოკომპანია „არტეფაქტ პროდაქშენი“. დღეს ის საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტში ასწავლის დოკუმენტური და ექსპერიმენტული კინოს რეჟისურას. მისი ფილმოგრაფია ისეთი ნაწარმოებებითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა „თავშესაფრის მაძიებელნი“, „ინგლისურის მასწავლებელი“, „გვირაბი“, „ხიდი“ და სხვა.

დიქსი ჩესი ბრიტანელი კასტინგის რეჟისორია, რომელიც მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: „მონანიება“, „ზომბი, სახელად შონი“, „მიუნხენი“, „ბრიუგეში“, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ და სხვა. ის თანამშრომლობს ცნობილ რეჟისორებთან და სცენარისტებთან, რომელთა შორისაა სტივენ სპილბერგი, დენი ვილნევი, იორგოს ლანთიმოსი, ჯო რაიტი, ალფონსო კუარონი, ედვარდ ბერგერი, დეივიდ ჰეირი და ტონი მაკნამარა. დიქსი ჩესის ბოლოდროინდელი პროექტებია: „Poor things“, „Favorite“, „დიუნი 2“ და სერიალი „დიადი“. მისი კიდევ ერთი ნამუშევრის – იორგოს ლანთიმოსის ფილმის Kinds of kindness-ის პრემიერა კი წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

ჟიურის კიდევ ერთი უცხოელი წევრი ბაბაკ ჯალალია – ირანელ-ბრიტანელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ფილმი „რადიო სიზმრები“, რომელიც როტერდამის 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.

რაც შეეხება ჟიურის კიდევ ერთ ქართველ წევრს, თაკი მუმლაძე მსახიობი და სცენარისტია. მან კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვა, ბელფასტში კი დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო სცენარისტი.

„ელისოს“ კონკურსში შემოსულ ნამუშევრებს შეაფასებს ტატო კოტეტიშვილი, რომელიც 2014 წელს გადაღებული ფილმის „ოგასავარის“ დამდგმელი რეჟისორია, დამდგმელ ოპერატორად კი ნამუშევარი აქვს არაერთ ქართულ ფილმზე, რომელთა შორისაა: „შემთხვევითი პაემნები“, „ანას ცხოვრება“, „სანამ მამა დაბრუნდება“ და სხვა.

პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. ფონდი კინემატოგრაფისტებისა და ნატო ვაჩნაძის ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი ხელოვნების, განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.

ნატალია ჯუღელი, „ნატო ვაჩნაძის ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი: „ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წლის აღსანიშნავად პრემიის დაარსების იდეა თითქოს ძალიან ბუნებრივად დაიბადა, თუმცა ეს იდეა ყველაზე მეტად, ალბათ, ნატოს სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაულის ტრადიციის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, მსოფლიო კინოპრემიებს თუ გადავხედავთ, პრემია მხოლოდ პროფესიული დაფასება არ არის, ინდუსტრიაში მსგავსი ღონისძიებები და გადაწყვეტილებები ძალიან ბევრ სხვა პროცესსაც განსაზღვრავს. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ პრემია „ელისოს“ წინ მნიშვნელოვანი გზა ელის. პრემიის პირველი წლის ჟიური ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს საერთო გადაწყვეტილებით შევარჩიეთ. ვფიქრობ, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო შემადგენლობა გამოვიდა“.

კინოპრემია „ელისო“ გურჯაანში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლები.

პრემიის მთავარი პარტნიორია „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“, გენერალური სპონსორი კი – „თიბისი“. 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები