LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ქართველი სტუდენტები არაფრით ჩამორჩებიან და ისეთივე მონდომებული, ერუდირებული და განათლებული არიან, როგორც გერმანელები” – დენდი საქართველოს კლუბის დამფუძნებელი ელენე ნიკოლაიშვილი გადაცემაში ,,პულსი”

42
ელენე-ნიკოლაიშვილი

4 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ დენდი საქართველოს კლუბის დამფუძნებელი, მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ელენე ნიკოლაიშვილი სტუმრობდა, რომელმაც კლუბის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ელენე, რას წარმოადგენს კლუბი და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

– დენდის ნეიროქირურგიული საზოგადოება – საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა ამერიკაში. თავიდან ასოციაცია მხოლოდ ნეიროქირურგებისა და ნეიროქირურგიის რეზიდენტებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა სწრაფად განვითარდა და სტუდენტებიც შეიერთა. დღეს დენდი 60-მდე კლუბს აერთიანებს მთელ მსოფლიოში. პირადა მე გერმანიაში გავეცანი მის საქმიანობას და ჩავთვალე, რომ საქართველოშიც საინტერესო იქნებოდა ანალოგიური კლუბის შექმნა. დენდი საქართველო წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს. მართალია, ჩვენი საზოგადოების ბირთვი მხოლოდ ექვსი წევრისგან შედგება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტების მთელი საქართველოდან მოზიდვას. ამასთანავე, თითქმის ყველა უნივერსიტეტში ოფიციალური წარმომადგენელი – ე.წ. სენატორი გვყავს, რომელიც უნივერსიტეტის კლუბთან კავშირსა და საერთო პროექტების განხორციელებაზე ზრუნავს.

– კლუბის რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესოდ?

– პირველ რიგში თბილისის ნეიროქირურგიულ სიმპოზიუმს აღვნიშნავ, რომელიც გასულ წელს გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თითქმის ყველა წამყვანი კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააერთიანა, რითაც ძალიან ვამაყობთ. არანაკლებ საინტერესო იყო ნეირომეცნიერების ოლიმპიადა, რომლის გამარჯვებული – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი გოლეთიანი ჩვენი კლუბის დაფინანსებით გაემგზავრა ესპანეთში საერთაშორისო კონგრესზე.

– რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის გამოცდილი პროფესიონალების მხარდაჭერა?

– რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს გლობალურ კლუბს არაჩვეულებრივი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ლოკალური კლუბების საქმიანობაში. ძალიან ვემადლიერებით ქართველ ექიმებსაც, რომლებიც ყოველთვის მხარს გვიჭერენ და მაქსიმალურად გვეხმარებიან საკუთარი იდეების რეალიზაციაში.

– რას მიეძღვნა რამდენიმე დღის წინ გამართული ნეიროქირურგიის სიმპოზიუმი?

– ნამდვილად არ ველოდით, რომ სიმპოზიუმი ასეთი მასშტაბური და წარმომადგენლობითი იქნებოდა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა სტუდენტების მასობრივი დაინტერესება, თუმცა ჩვენთვის ამგვარი ღონისძიების ყოველ წელს მოწყობა სერიოზული გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. სავარაუდოდ, სიმპოზიუმი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. წელს საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა გვქონდა, რომელმაც ნეიროქირურგიასთან ერთად მომიჯნავე სფეროებიც გააერთიანა ნევროლოგიისა და ნეირომეცნიერების ჩათვლით.

– თქვენი აზრით, რამდენად განსხვავდებიან ქართული სტუდენტები გერმანელებისგან?

– უამრავი პერსპექტიული ახალგაზრდა გავიცანი ჩვენი კლუბის წყალობით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი სტუდენტები არაფრით ჩამორჩებიან და ისეთივე მონდომებული, ერუდირებული და განათლებული არიან, როგორც გერმანელები.

– რატომ გადაწყვიტეთ ნეიროქირურგობა და როგორ ჩააბარეთ მიუნხენის უნივერსიტეტში?

– მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ბებია ანევრიზმის გაჟონვით მოხვდა კლინიკაში. მაშინ დავინტერესდი ნეიროქირურგიით და ჩავთვალე, რომ მხოლოდ ამ სფეროში მინდოდა საქმიანობა. მოგვიანებით ვეკუას სკოლაში გადავედი, რომელმაც მართლაც ფასდაუდებელი ცოდნა მომცა და ერთგვარ გარდამტეხად იქცა ჩემს ცხოვრებაში, სწორედ იქ დავრწმუნდი საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობაში, მერე კი, გერმანიაში გავემგზავრე, სადაც ყოველთვის რთული იყო უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა, ამიტომ დაზღვევის მიზნით ავსტრიის უნივერსიტეტშიც ჩავაბარე გამოცდები.

– აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

– რა თქმა უნდა, დავბრუნდები, თუმცა მხოლოდ სწავლის დასრულების და საკუთარი თავის მოძიების შემდეგ, რადგან ნეიროქირურგიის ერთი შეხედვით ვიწრო სფერო, სინამდვილეში უამრავ მიმართულებას აერთიანებს.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– დღეს ჩვენი კლუბის მთავარი მიზანი მაქსიმალურად ბევრი სტუდენტის გაერთიანება და ლოკალური კლუბების გაძლიერებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები