თემურ ქეცბაია საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო.
ამჟამად კვიპროსული “ანორთოსისის” ქართველმა მწვრთნელმა აუქციონზე გასაყიდად მისთვის ღირებული მაისურები გამოიტანა.
ერთი გახლავთ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დევიდ ბათის, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშისას გაუცვალა. ეს მატჩი 1997 წლის 30 აპრილს “უემბლიზე” გაიმართა. ინგლისელებმა 2:0 მოიგეს. ბათი “ლიდსში”, “ბლექბერნსა” და “ნიუკასლში” გამოდიოდა. ინგლისის ნაკრებში კი 42 მატჩი მოუგროვდა.
მეორე კი სწორედ ერთ დროს პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, „ლიდსის“ მაისურია.
აქციის წესების თანახმად, აუქციონიდან შემოსულ თანხა კორონავირუსთან ბრძოლას ხმარდება. აღსანიშნავია, რომ აქციაში ძალიან ბევრი ცნობილი სპორტსმენი ჩაერთო. მარტო დიეგო მარადონას აღნიშვნა რად ღირს, რომელმაც გასაყიდად გაიმეტა, არც მეტი არც ნაკლები, არგენტინის ნაკრების ის მაისური, რომლითაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ითამაშა და მუნდიალის გამარჯვებულიც გახდა.
საინტერესოა, რომ აქციაში ქართველი ფეხბურთელებიდან პირველად პარალიმნის „ენეოსის“ ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე ჩაერთო.